პოლიტიკა
ლევან შონია:იმედს ვიქონიებ, ახალი ხელმძღვანელი უფრო მეტს შეძლებს რეგიონის განვითარებისთვის
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ლევან შონია განცხადებას ავრცელებს. რადიო "ათინათი" მის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის პოსტზე 4 წელზე მეტი ვიმუშავე. ამ ხნის განმავლობაში, გვქონდა რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი წარმატებები, მაგრამ იყო ძალიან ბევრი სირთულე, რომელთა ნაწილი დავძლიეთ და ნაწილიც დასაძლევია. გასული ოთხი წლის განმავლობაში რეგიონში განხორციელდა 1 მილიარდ 100 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო სამეგრელო-ზემო სვანეთისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო გუნდს ნდობისთვის, რომ მომეცა საშუალება ჩვენი რეგიონისთვის გამეკეთებინა შესაძლებლობების მაქსიმუმი. მადლობა ყველა სახელმწიფო უწყებას, რეგიონის მუნიციპალიტეტებს, მათ ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს, მადლობა პოლიციელების დიდ ოჯახს, საიდანაც მე მოვდივარ! განსაკუთრებლი მადლობა მინდა გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებს გადავუხდო, რომლებიც რეგიონის საკეთილდღეოდ 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ.

გუნდისთვის არაერთხელ გამოცხადებული ნდობისთვის, მადლობა ჩვენი რეგიონის მოსახლოებას, მადლობა ჩვენს ვეტერანებს რომელთა თანადგომას და რჩევებს მუდმივად ვიღებდი, მათი გაწეული შრომა ფასდაუდებელია. წარმატებებს ვუსურვებ სამეგრელო-ზემო სვანეთის მომავალ გუბერნატორს, იმედს ვიქონიებ ახალი ხელმძღვანელი უფრო მეტს შეძლებს რეგიონის განვითარებისთვის! მე ვიყავი, ვარ და ვრჩები გუნდის ერთგულ წევრად", - აღნიშნულია გუბერნატორის განცხადებაში, რომელიც პრესსამსახურმა გაავრცელა.

მამუკა ბახტაძემ დღეს მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თანამდებობიდან ხუთი რეგიონის, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ახალ გუბერნატორს კი უახლოეს დღეებში წარადგენენ.

გუბერნატორის მოვალეობას კი დროებით მისი პირველი მოადგილე კობა ქანთარია შეასრულებს.

ამავე თემაზე:

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობას კობა ქანთარია შეასრულებს

Print