ახალი ამბები
ფოთისა და ხობის ეპარქია: დეკანოზ მამალაძის საქმე ხელახლა უნდა გადაიხედოს
ფოთისა და ხობის ეპარქია მიტროპოლიტ გრიგოლისა და მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტ ილარიონის დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ვიზიტთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

ეპარქიის სამდივნოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პატიმართან შეხვედრა 25 ივლისს მამალაძის თხოვნის საფუძველზე შედგა და ის ოთხი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

როგორც ეპარქიის წერილში ვკითხულობთ, მღვდელმთავრები მიიჩნევენ, რომ მსჯავრდებული სასულიერო პირის საქმეს საგამოძიებო უწყებებმა ხელახლა უნდა გადახედონ.

„მოცემული საქმის მიმართ არსებული დიდი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძისგან მღვდელმთავრებმა მიიღეს მის საქმესთან დაკავშირებული საკმაოდ მნიშვნელოვანი და მრავალმხრივ გასათვალისწინებელი ინფორმაცია. საუბრის შინაარსიდან გამომდინარე, მღვდელმთავრები მიიჩნევენ, რომ უნდა მოხდეს მსჯავრდებული სასულიერო პირის საქმის საფუძვლიანი გადახედვა შესაბამისი საგამოძიებო ორგანოების მიერ; ასევე მიიჩნევენ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, საეკლესიო წესების თანახმად, უნდა მიეცეს საშუალება, როგორც სასულიერო პირმა, წმიდა სინოდს პირადად მოახსენოს ყოველივე ის, რის საჯაროდ გაცხადებასაც პრინციპულად დაუშვებლად მიიჩნევს, მიუხედავად დიდი საზოგადოებრივი ინტერესისა. მეუფეთა აზრით, უშუალოდ პატიმრისგან მიღებული ინფორმაცია, რაგინდ მძიმე იყოს იგი მოსასმენად, წმიდა სინოდის წევრებს, მათი მაღალი სულიერი მსახურებიდან გამომდინარე, დაანახებს იმ მდგომარეობის მთელ ტრაგიზმს, რომლის მსხვერპლიც აღმოჩნდა დეკანოზი გიორგი მამალაძე”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.


ამავე თემაზე:

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეხვდება
Print