ახალი ამბები
საგამოძიებო სამსახური:ჭუბერსა და ხაიშში ჩვენი თანამშრომლების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ამბობენ, რომ ჭუბერისა და ხაიშის მოსახლოებამ ქვებითა და ხელკეტებით საგამოძიებო უწყების ავტომობილები დააზიანა და თანამშრომლების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა. ეს განცხადება სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთეს.

„ადგილობრივმა მოსახლეობამ ხელი შეუშალა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას, რომლებიც უნდა ჩატარებულიყო ჭუბერსა და ხაიშში. ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება ხის გადამამუშავებელ 39 საწარმოში, დამატებით გამოვლენილია რეგისტრაციის გარეშე მოქმედი 20 ხის საამქრო, ამოღებულია ათეულობით კუბური მეტრი ხის მასალა, ასევე, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ამ სახის ბაზრობებზე მიმდინარეობს 150-ზე მეტ ობიექტზე ინვენტარიზაცია“, - აღნიშნავენ უწყებაში.

საგანგებო ბრიფინგზე ასევე ითქვა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყინებს, რათა ხე-ტყის უკანონო ჭრისა და მოპოვების ფაქტები აღკვეთოს. ამასთან, მათივე თქმით, დაისჯება ყველა, ვინც ჩართულია ამ ტიპის უკანონო საქმიანობაში ან ხელს აფარებს დამნაშავეს.

ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მესტიის სოფლებში შეფერხებულია.


ამავე თემაზე:

ხაიშის გამგებელი: მოლაპარაკება ხელისუფლების წარმომადგენლების მოსვლის შემდეგ დაიწყება
Print