ახალი ამბები
თენგიზ ჯგუშია ყოფილი გუბერნატორის დასჯას ითხოვს, მომავალს კი მოთხოვნებს უყენებს (ვიდეო)
„სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშია სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის ლევან შონიას წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს. ამის შესახებ მან სამხარეო ადმინისტრაციის წინ გამართულ ბრიფინგზე თქვა. ჯგუშია მიიჩნევს, რომ ლევან შონია უნდა დაისაჯოს და მას ბრალს სდებს.

„შონია უნდა იყოს ციხეში გუბერნატორი შონია ახორციელებდა მეთოდურად და ორგანიზებულად კონტრაბანდულ და დანაშაულებრივ ბიზნესებს, კლავდა თვითმმართველობას, ჩეხდა ხე-ტყის მასივებს, ფლანგავდა საბიუჯეტო სახსრებს. შონია უნდა დაისაჯოს, რომ ახალმა გუბერნატორმა არ გააგრძელოს მისი გზა“, - თქვა ჯგუშიამ.

გარდა ამისა, ჯგუშია გუბერნატორის ინსტიტუტს „სრულ ფარსს“ უწოდებს, მთავრობაში რეგიონული მართვის სამსახურის შექმნას კი ცენტრალიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს და ამბობს, რომ ეს სამსახური „მაკონტროლირებელი“ ფუნქციის მატარებელია.

„ალბათ, შევარდნაძისგან იღებენ რჩევებს. ეს არის ხალხისთვის თვალებში ნაცრის შეყრა“, - ამბობს თენგიზ ჯგუშია.

მიუხედავად ამ მოსაზრებებისა, თენგიზ ჯგუშია მომავალ გუბერნატორს წარმატებებს უსურვებს.

„ახალმა გუბერნატორმა უნდა დადოს პირობა მოსახლეობასთან, რომ შეუდგება თხილის ფასებს კონტროლს, კონტრაბანდის ალაგმვას, თვითმმართველობის ინდექსი იქნება მაღალი, საჯარო გახდება მისი ყველა ხარჯი, ივლის უბრალო მანქანით და უფრო ხშირად შეხვდება ხალხს“, - აღნიშნა მან.
26 ივლისს მამუკა ბახტაძემ მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თანამდებობიდან ხუთი რეგიონის, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ახალ გუბერნატორს კი უახლოეს დღეებში წარადგენენ.

გუბერნატორის მოვალეობას კი დროებით მისი პირველი მოადგილე კობა ქანთარია შეასრულებს.


ამავე თემაზე: 

ლევან შონია:იმედს ვიქონიებ, ახალი ხელმძღვანელი უფრო მეტს შეძლებს რეგიონის განვითარებისთვის
Print