ახალი ამბები
საერთაშორისო ბანკების წარმომადგენლებმა ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს
საქართველოში ვიზიტით მყოფი 5 საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის 60 წარმომადგენელი ანაკლიის პორტის ტერიტორიას ეწვია. ინფორმაციას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ავრცელებს.

ამავე ცნობით, მათ ღრმაწყლოვანი პორტის მიმდინარე მშენებლობა მოინახულეს, ასევე გაეცნენ უკვე ჩატარებულ სამშენებლო სამუშაოებს და სამომავლო გეგმებს.

საერთაშორისო ბანკების წარმომადგენლები საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად იმყოფებიან. მათ შეხვედრები უკვე გამართეს ანაკლიის პორტის გუნდთან და მათ საერთაშორისო კონსულტანტებთან და პორტის მშენებლობისა და მისი განვითარების სხვადასხვა მიმართულება განიხილეს.

ამ ეტაპზე ანაკლიაში სახმელეთო სამშენებლო სამუშაოების დამასრულებელი ეტაპი მიმდინარეობს, რომლის შემდეგაც, 2018 წლის აგვისტოში, პორტის ტერიტორიაზე მასშტაბური საზღვაო სამშენებლო სამუშაოები იწყება.

ამავე თემაზე:

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საქართველოში საერთაშორისო ბანკების წარმომადგენლები ჩამოვიდნენ

Print