ახალი ამბები
წალენჯიხაში ფერისცვალების ტაძარში წმ. ნინოს მე-14 საუკუნით დათარიღებული ფრესკა აღმოაჩინეს (ფოტო)
წალენჯიხაში, მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში, სადაც კედლის მხატვრობის სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს, დღეს დილით წმინდა ნინოს წარწერებიანი ფრესკა აღმოაჩინეს.




სასულიერო აკადემიის ხატწერის კათედრის გამგე პროფესორი მერაბ ბუჩუკური ამბობს, რომ დღევანდელი აღმოჩენა რამდენიმე მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი. უმთავრესი კი ის არის, რომ ფრესკა მეთოთხმეტე საუკუნეში ბიზანტიელი ხატმწერის მიერ არის მოხატული.



„წმინდა ნინოს ფრესკები საქართველოს ტაძრებში 12-ე, 13-ე საუკუნეებამდე არ გვხვდება. დადასტურებულად აქედან მხოლოდ ორი შემთხვევაა, დანარჩენი კი ვარაუდები. ამ შემთხვევაში დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფრესკა ბიზანტიელი ხატმწერის კირ მანუელ ევგენიკოსის მიერ 1384-96 წლებში არის შესრულებული. ასევე, წმინდა დედები, სადაც მე მინახავს, არსად არ არის გამოსახული წიგნით ხელში, წმინდა ნინო კი წიგნითაა, რაც ნიშნავს, რომ ის ქართველთა განმანათლებელია და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ეს არ არის ვარაუდი, რასაც ნათლად ადასტურებს ასომთავრულით შემორჩენილი წარწერა „წმინდა ნინო“, - უთხრა ჟურნალისტებს ბუჩუკურმა.



მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში კედლის მხატვრობის რესტავრაცია კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით მიმდინარეობს. მასში სასულიერო აკადემიის პროფესორები და სტუდენტები მონაწილეობენ. პირველი ეტაპი რამდენიმე დღის წინ დასრულდა.





ექვთიმე თაყაიშვილის კვლევის მიხედვით, წალენჯიხის ეკლესია აგებულია X-XI საუკუნეებში, ხოლო ეკლესიისთვის გარშემორტყმული შტოები შემოუვლია ვამეყ I დადიანს (1384-1396). მარი ბროსეს მიხედვით კი, მთელი ეკლესია ვამეყ I დადიანის მიერაა აშენებული.




ეკლესიაში შემორჩენილი ქართული და ბერძნული წარწერებიდან ირკვევა, რომ ვამეყ I დადიანის ბრძანებით ტაძარი მოუხატავთ კონსტანტინეპოლიდან მოსულ მანუელ ევგენიკოსს.

Print