ახალი ამბები
სამინისტრო: ზემო სვანეთში 44 მილიონი დაიხარჯება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის ირაკლი ქარსელაძის თქმით, ზემო სვანეთში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს, რომლისთვისაც 44 მილიონი ლარია გამოყოფილი. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ზემო სვანეთის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

„ზემო სვანეთში, ამჟამად, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, რეაბილიტაციის და სტიქიური მოვლენების პრევენციის მიმართულებით, ჯამურად 44 მილიონი ლარის ღირებულების 9 პროექტი მიმდინარეობს. აქედან 8 პროექტი წლის ბოლომდე დასრულდება. ცალკე აღსანიშნავია, ლენტეხი-მესტიის დამაკავშრებელი ახალი გზის პროექტი, რომელზეც ამჟამად ვმუშაობთ და ველოდებით ტექნიკურ გადაწყვეტილებას “- განაცხადა ქარსელაძემ.

ამავე ინფორმაციით, მთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში დაგეგმილია ლენტეხი-მესტიის 35 კმ-იანი გზის მშენებლობა და ლეშგუანი-მესტიის 11 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია. გზა, რომლის მშენებლობა 4 ნაწილად იყოფა, დაიწყება ქ.ლენტეხიდან, გაივლის ლასკადულას ხეობას, მთიან მასივს 9კმ-იანი გვირაბით და ლაილაჭის ხეობის გავლით შეუერთდება ზუგდიდი-მესტიის გზას, ლეშგუანის დასახლებასთან.

ამ გზით, ზემო და ქვემო სვანეთი უმოკლესი გზით დაუკავშირდება ერთმანეთს. პროექტის დასრულების შემდეგ, ლენტეხი-მესტიის მიმართულებით, გადაადგილების დრო დაახლოებით 1.5 საათით შემცირდება.

ამ ეტაპზე კი პროექტის განხილვა მიმდინარეობს.

Print