რეგიონი
სოფელ ნაცატუში თხილის საშრობ-სასაწყობე საწარმო გაიხსნა (ვიდეო)
„საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფალ ნაცატუში თხილის საშრობ-სასაწყობე საწარმო გახსნა, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP) მხარდაჭერით აშენდა. საწარმოს გახსნის ცერემონიას აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„აშშ-ის მთავრობა USAID -ის მეშვეობით 2010 წლიდან ინვესტირებას ახორციელებს საქართველოს თხილის სექტორში. გვაქვს კარგი პარტნიორობა საქართველოს მთავრობასთან და კერძო სექტორთან ამ მიმართულებით. ეს ახალი საწარმო ძალიან მნიშვნელოვანი სერვისებით უზრუნველყოფს სამეგრელოში მცხოვრებ 600-ზე მეტ ფერმერს. ფერმერებს ვურჩევ ისარგებლონ ამ სერვისებით, რომელიც თხილის გაუმჯობესებას უწყობს ხელს“, -თქვა ელიზაბეთ რუდმა.

„საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის გიორგი თოდუას ცნობით, აღნიშნული სასაწყობე და საშრობი მეურნეობა სეზონზე, თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვით, 1000 ტონა თხილის გაშრობას და 500 ტონა თხილის მუდმივ რეჟიმში შენახვას უზრუნველყოფს. მისივე თქმით, საწარმო შეღავათიან ფასად მოემსახურება ადგილობრივ ფერმერებს.

„ფერმერებმა, რომლებმაც წლის განმავლობაში ისარგებლეს ჩვენი სერვისებით, ეს გახლავთ რეკომენდაციები, კონსულტაციები თუ სხვა ტექნიკურ საშუალებებთ დაკავშირებული საკითხები, მათ უკვე აქვთ გარკვეული წარმატებები. იმისათვის, რომ ასოციაციის წევრ თითოეულმა ფერმერმა საბოლოოდ მიიღოს ეფექტური შედეგი და მათი მოსავალი იყოს მაღალი ხარისხის ავაშენეთ ეს საწარმო. აქ ი კგ. თხილის გაშრობა და შენახვა ფერმერს, დაახლოებით, 5-დან 8 თეთრამდე დაუჯდება“, - თქვა გიორგი თოდუამ.

პროექტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP) მხარდაჭერით ხორციელდება.

Print