ახალი ამბები
ოკუპირებულ ტერიტორიებზე უძრავი ქონების დეკლარირება და აღრიცხვა იწყება
მთავრობამ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უძრავი ქონების დეკლარირებისა და აღრიცხვის სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მაცნეში დღეს, რვა აგვისტოს გამოქვეყნდა.

მთავრობის მიერ დამტკიცებული დადგენილებით განსაზღვრულია წესები, რომელთა თანახმადაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია იქნება შესაძლებელი.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უძრავ ქონებას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აღრიცხავს, დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე კი ქონების დეკლარირებას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სპეციალური სამსახური განახორციელებს.

მთავრობის დადგენილება „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების დეკლარირებისა და აღრიცხვის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.



ფოტო: ინტერნეტი
Print