ახალი ამბები
სექტემბრიდან მოსწავლეები აგვისტოს ომის გმირის ისტორიას ისწავლიან
ახალი სასწავლო წლიდან სკოლების ნაწილში მოსწავლეები თანამედროვე გმირების, მათ შორის აგვისტოს ომის გმირის, გიორგი ანწუხელიძის ისტორიას შეისწავლიან, რაც ახალი საგნის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ სახელმძღვანელოში შედის, – ამის შესახებ "პირველ არხს" განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს სამოქალაქო განათლების ექსპერტმა, შალვა მეკრავიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, პროექტი პირველ ეტაპზე საპილოტე იქნება და საგანს მეათე კლასელები ისწავლიან. შალვა მეკრავიშვილის განცხადებით, წიგნში 2008 წლის აგვისტოს ომი ცალკე თემადაა შეტანილი.

ამ ეტაპზე, სკოლებში 2008 წლის აგვისტოს ომი მე-9 კლასში, საქართველოს ისტორიის საგნის ფარგლებში ისწავლება. ომის გმირების შესახებ კი, მასში საუბარი არ არის, თუმცა, როგორც შალვა მეკრავიშვილი განმარტავს, რომ მასწავლებელს თავად შეუძლია დაავალოს მოსწავლეებს ომის გმირების შესახებ ცნობების მოძიება.
Print