ახალი ამბები
ძაღლების გაუჩინარებასთან დაკავშირებით, შესაძლოა, "ზუგდიდასუფთავებას" უჩივლონ
ორგანიზაცია „ცხოველთა დაცვის ფედერაცია“ ზუგდიდის მერიის ააიპ „ზუგდიდასუფთავებისთვის“ პროკურატურაში ჩივილს გეგმავს. შესაბამისი სარჩელი მზადების პროცესშია. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ფედერაციის თავმჯდომარემ თემურ ლაჭყეპიანმა უთხრა. საქმე ეხება ზუგდიდში, დაახლოებით, 10 დღის წინ, სავარაუდოდ, მომხდარ შემთხვევებს, როცა, მოქალაქეების მტკიცებით, ღამის საათებში აღნიშნული ააიპ-ის კუთვნილი მანქანებით „ზუგდიდდასუფთავების“ თანამშრომლებმა მიუსაფარი ძაღლები ჯერ დააძინეს, შემდეგ კი გაუკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

„ჩვენ მოგვმართეს ზუგდიდიდან და შეგვატყობინეს მომხდარის შესახებ. მე, როგორც ვიცი, საუბარია 15-მდე ძაღლზე. სწორედ მათი მომართვის საფუძველზე ვამზადებთ სარჩელს, რომელსაც პროკურატურაში შევიტანთ. დანარჩენი კი უკვე მოკვლევის საქმეა“,- გვითხრა მან.

ლაჭყეპიანი ვარაუდობს, რომ ძაღლები, რომლებიც, მისი თქმით, „ზუგდიდდასუფთავების“ თანამშრომლებმა წაიყვანეს დახოცილია.

აღნიშნულ ბრალდებებს კიდევ ერთხელ კატეგორიულად უარყოფენ ზუგდიდდასუფთავებაში. ააიპის ხელმძღვანელის მოადგილემ თენგიზ გოგოლიშვილმა გვითხრა, რომ მათ ძაღლების გადაყვანასთან არავითარი კავშირი არ აქვთ და სარჩელის მოტივი გაუგებარია.

„ძაღლებთან დაკავშირებით ჩვენ არაფერი გვევალება და რაც არ გვევალება, მაგას რატომ გავაკეთებდით? არც დაუვალებია ვინმეს. რის საფუძველზე შეაქვთ სარჩელი, გაუგებარია“, - უთხრა რადიო „ათინათს“ გოგოლიშვილმა.

ზუგდიდელი ცხოველთა მოყვარულები ამბობენ, რომ დასუფთავების სამსახურის მიერ ძაღლების უკანონო გაყვანის ფაქტს რამდენიმე თვითმხილველი ჰყავს, რომელთაც დაინახეს, როგორ წაიყვანეს ძაღლები სამსახურის მანქანებმა და „ზუგდიდდასუფთავების“ ფორმიანმა თანამშრომლებმა. მათ ზუგდიდის მერიასაც მიმართეს, სადაც ცხოველების გადაყვანის ფაქტს გამორიცხავენ. აღნიშნული ცხოველები არ გაუყვანია ინდივიდუალურ მეწარმეს გიორგი მაღლაფერიძესაც, რომელსაც ძაღლები ქალაქიდან ოზურგეთის თავშესაფარში გადაყავს. ის ამბობს, რომ ზუგდიდიდან 24 მიუსაფარი ძაღლი ბოლოს 27 ივლისს გაიყვანა.

ჯერჯერობით, კვლავ უცნობია, სად არიან ძაღლები, რომელთაც მოქალაქეები უვლიდნენ და უკვე, ორი კვირაა ეძებენ.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში მოქალაქეები იმ მიუსაფარ ძაღლებს ეძებენ, რომლებსაც უვლიდნენ
Print