რეგიონი
სოხუმის დაცემის დღისთვის გიგა მაქარაშვილმა თბილისიდან ენგურის ხიდამდე ფეხით ჩასვლა დაგეგმა
გიგა მაქარაშვილი ოკუპაციის გასაპროტესტებლად თბილისიდან ენგურის ხიდამდე ჩასვლას ფეხით გეგმავს და ამას სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს დაამთხვევს. როგორც თავად გამოითვალა, ამისთვის ის დედაქალაქიდან 14 სექტემბერს, საღამოს 8 საათზე უნდა წამოვიდეს.

გიგამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ მისი ჩანაფიქრის მიზეზი სამოქალაქო აქტივიზმის აუცილებლობაა.

„როცა ქვეყანა და მისი ინსტიტუტები ვერაფერს აკეთებს დეოკუპაციისთვის და ადამიანებსაც არანაირი ბერკეტი არ გვაქვს საბრძოლველად, სწორედ ასეთ დროსაა აუცილებელი სამოქალაქო აქტივიზმი, წერტილოვანი დარტყმები და პატრიოტული მუხტი. მე პირადად ვფიქრობ, რომ მხოლოდ ამ გზით შევძლებ სრულად დავიხარჯო ანუ მაქსიმუმი გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის“, - თქვა მან.



მან ამის შესახებ ცოტა ხნის წინ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზეც დაწერა.

„ბევრმა ადამიანმა და კომპანიამ მომწერა, ზოგმა დახმარება შემომთავაზა, ზოგს წამოსვლა უნდა, ზოგი მოგვიანებით წამომეწევა.მოკლედ, სადაც გული ძგერს და სადაც ამდენი ადამიანი გგულშემატკივრობს ეს მანძილი დაფარვადია! არ ვნებდებით, არ გვეზარება, საქართველო იქნება ერთიანი და ძლიერი!“

ეს გიგა მაქარაშვილისთვის ფეხით პირველი მოგზაურობა არ იქნება. რამდენიმე დღის წინ, რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავზე ყარაფილამდე, საოკუპაციო ხაზამდე ჩავიდა. მას 62 კილომეტრის გასავლელად 17 საათი დასჭირდა.

„მარტო დავიძარი თბილისიდან და მერე 1 ადამიანი შემომიერთდა. საბოლოოდ კი 2 ჩავედით ყარაფილამდე“, - გვითხრა გიგა მაქარაშვილმა.

თბილისიდან ენგურის ხიდამდე ჩასვლა მარტომ დაგეგმა, თუმცა ამბობს, რომ მის ინიციატივას გამოხმაურებები მოყვა და გზად, შესაძლოა, რამდენიმე მოქალაქეც შეუერთდეს.

მას 27 სექტემბრამდე ფეხით, დაახლოებით, 340 კმ-ის გავლა მოუწევს.

ფოტო: გიგა მაქარაშვილი
Print