რეგიონი
„საქართველოს ეროვნულ პლატფორმასა“ და ზუგდიდის მერიას შორის მემორანდუმი გაფორმდა (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმას და ასოციაცია ,,მერკურს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მემორანდუმი  მიზნად ისახავს რეგიონში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ევროპული ინტეგრაციის პროცესში, სამოქალაქო სექტორის ჩართულობის უზრუნველყოფას ასოცირების სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში, საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ხელშეწყობას ევროკავშირის კანონმდებლობასთან, რეგიონული განვითარება და მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების დროს. გარდა ამისა, მემორანდუმის მონაწილე მხარეები ითანამშრომლებენ, როგორც დაგეგმილ ასევე სამომავლო პროექტების ფარგლებში.

"ყველა ის სფერო, რომელიც ჩამოთვლილია ასოცირების ხელშეკრულებაში და სჭირდება მუშაობა მოიცავს ეს მემორანდუმი. ეს არ არის ფორმალური ხასიათის მემორანდუმი, ვგულისხმობ ძალიან კონკრეტულ პასუხისმგებლობას, რომელსაც  ამ შემთხვევაში ზუგდიდის მერია იღებს. იმიტომ რომ ეს არის ერთგვარი ინსტრუმენტი, ადგილობრივი სამოქალაქო სექტორისთვის პირველ რიგში, რომ მიაღწიოს სამოქალაქო ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში", - თქვა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ ნათია კუპრაშვილმა.

შეხვედრაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიამ საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგნელებს  თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მემორანდუმი მისთვის საპასუხისმგებლოა საქმეა.

,,ჩვენთვის პატივია, რომ სწორედ ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო ამ მემორანდუმის გაფორმება. ჩვენ ვთანამშრომლობთ სამოქალაქო სექტორთან სხვადასხვა მიმართულებით. სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მნიშვნელოვანია" ,– თქვა მერმა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ  ნათია კუპრაშვილმა, მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ და ასოციაცია ,,მერკურის" თავმჯდომარემ ნანა თოდუამ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა წარმოადგენს ყველაზე დიდ კოალიციას საქართველოში, რომელიც აერთიანებს 149 ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ შორის, ასოციაცია "ათინათს".

აღნიშნული პლატფორმა შედგება ხუთი თემათური სამუშაო ჯგუფისგან:

დემოკრატია და ადამიანის უფლებები;
ეკონომიკური ინტეგრაცია;
გარემოს დაცვა და ენერგოუსაფრთხოება;
ხალხთაშორისიკონტაქტები;
სოციალური დიალოგი.

ფორუმის შემადგენლობაში შედიან სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიდან, მოლდავეთიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან და ასევე, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან.

ფორუმმა ხელი უნდა შეუწყოს პარტნიორი ექვსი ქვეყნის სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარებას, მათ შორის თანამშრომლობას, საჯარო დაწესებულებებთან დიალოგს, აღმოსავლეთის პარტნიორობის მიზნების მიღწევას პარტნიორ ქვეყნებში.


Print