ახალი ამბები
კორპორაცია „ოპიკი“ ანაკლიის პორტში მნიშვნელოვან ინვესტირებას განიხილავს
აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დევიდ ბოჰიგიანი და „ოპიკის“ წარმომადგენლები ქართულ-ამერიკული კონსორციუმის, ADC-ის მენეჯმენტს შეხვდნენ და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ფინანსირების საკითხები განიხილეს. ინფორმაციას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ავრცელებს.

„ძალიან შთამბეჭდავია პორტის დეველოპერთა გეგმები მის განვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც ხელს შეუწყობს ასობით სამუშაო ადგილის შექმნას რეგიონში და საქართველოს კიდევ უფრო მნიშვნელოვან ევრაზიის სატრანზიტო ცენტრად აქცევს...პორტის განვითარებანაწილია დამაკავშირებელი გეგმისა, რომ შავი ზღვა განვითარდეს როგორც რეგიონული და გლობალური ჰაბი“, - თქვა“ოპიკის” აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა.

ამავე ცნობით, აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ფინანსირების საკითხზე უკვე რამდენიმე თვეა მუშაობს. საფინანსო ინსტიტუტი პორტის მშენებლობაში 100 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტირებას განიხილავს.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი და სამინისტროს წარმომადგენლები.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დაფინანსებაში 5 სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსიტუტი ჩართულია, რომელთა წარომადგენლებმა 2018 წლის ივლისში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორია შეისწავლეს და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლებთან სამუშო შეხვედრები გამართეს.

„ოპიკი“ - კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია - აშშ-ის სააგენტოა, რომელიც ამერიკული ინვესტიციების საერთაშორისო ბაზრებში დაბანდებას უწყობს ხელს. OPIC-ის სერვისები ხელმისაწვდომია 160-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედი ახალი და გაფართოებაზე ორიენტირებული ბიზნესისათვის, რომლებიც ინვესტირებას გეგმავენ.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის I ფაზის მშენებლობა საზღვაო-სამშენებლო ეტაპზე გადავიდა. პორტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს მძიმე ტექნიკის მობილიზება მასშტაბური საზღვაო სამუშაოების დასაწყებად.

ამავე თემაზე:


ანაკლიის პორტის საზღვაო სამუშაოებისთვის დატვირთული გემი ფოთის პორტში შემოვიდა


Print