ახალი ამბები
შამბა: ქართველები მტრად არ მიმაჩნია და დროა, საქართველოსთან, დიალოგი დავიწყოთ
დე ფაქტო აფხაზეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ „ეხო მასკვისთან“ ვრცელ ინტერვიუში საქართველოსა და ოკუპირებული აფხაზეთის ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონფლიქტი ეთნიკურზე მეტად პოლიტიკური იყო.

„ქართველები მტრად არ მიმაჩნია. საქართველოში მეგობრები მყავს. გვქონდა ეთნიკური კონფლიქტიც, მაგრამ დიდწილად ეს პოლიტიკური კონფლიქტი იყო. შეიძლება ითქვას, საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის დროს ლიდერი ვიყავი, მაგრამ პირველმა დავიწყე საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ დროა, რამენაირად დავიწყოთ დიალოგი და ერთობლივ მომავალზე ვიფიქროთ იმ გაგებით, რომ მეზობელი ერები ვართ და ეს ბედისწერამ განაპირობა. ოდესღაც ევროპულ ქვეყნებსაც ჰქონდათ ერთმანეთთან კონფლიქტი, თუმცა გადის დრო და საჭიროა დალაგდეს ურთიერთობები. ვფიქრობ, ახლა საქართველოსთანაც შეიძლება ასეთი დიალოგის დაწყება”, – უთხრა ჟურნალისტებს შამბამ.

გარდა ამისა, ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა პრემიერმა საქართველოსთან ადრე მიმდინარე სხვადასხვა მოლაპარაკებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ საბოლოოდ, ყველა ეს ურთიერთობა უშედეგო იყო. შამბა იმედოვნებს, რომ საქართველოსთან სამომავლოდ დიალოგი დაიწყება.

„ახლა უკვე ძალიან გვიანია. დრო შეიცვალა და მხოლოდ კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებაზე შეგვიძლია ვისაუბროთ”– თქვა მან.

შამბა ე.წ. პრემიერ-მინისტრის თანამდებობას აფხაზეთში ერთი წლის განმავლობაში იკავებდა. ახლა კი ის ოპოზიციური პარტიის "ამცახარას' ერთ-ერთი ლიდერია.





Print