ახალი ამბები
მოქალაქე საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელს: რატომ აწერია საქართველოში გასაყიდად შემოსულ კონსერვს "პუტინა"?!
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ერთ-ერთი მოქალაქის შესახებ წერს, რომელიც, მისი თქმით, ოფისში "შეუვარდა" და საქართველოში თევზის კონსერვის სახელწოდებით "პუტინა" გაყიდვა გააპროტესტა.

"პარასკევს მოქალაქეებს კონსულტაციას არ ვუწევთ თუ დაბარებული არ გვყავს. დღეს შვებულების წინა დღეს, ჩემთვის მშვიდად წყნარად ვმუშაობდი დოკუმენტებზე. ამ დროს იღება კარები, შემოდის მაღალი, ახოვანი კაცი. არც გამარჯობა მითხრა, არც გამეცნო, ისე პირდაპირ მომახალა: რატომ აწერია საქართველოში გასაყიდად შემოსულ კონსერვს "პუტინა"!!!! რატომაა რომ ოკუპანტი ქვეყნის ლიდერის სახელი გასაყიდ საქონელს აწერია!!!

ამ ადამიანმა საკუთარი შინაგანი პროტესტის გამოსახატად სამი კილომეტრი ამ პაპანაქება სიცხეში ფეხით იარა, მოვიდა, შემოვარდა, გამოხატა აგრესია ოკუპაციის, პუტინა ხელისუფლების წინააღმდეგ და უმალვე წავიდა...

როგორ მომინდა ქუჩაში მასთან ერთად გავსულიყავი და მთელი ხმით მეყვირა - არა ოკუპაციას!!!!! მაგრამ, ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი, უბრალოდ ვუცქერდი და მიხაროდა, რომ ოკუპაციის მიმართ ასეთი განწყობა აქვს...

შენ გაიხარე კაცო ქართველო და შენ?! შენ რა გეშველება "პუტინა" დასაკონსერვებელო ხელისუფლებავ!", - წერს საიას იურისტი.

ჯემალ ჭკადუას თქმით, მას მოქალაქემ უთხრა, რომ ზემოაღნიშნული კონსერვი ზუგდიდის ერთ-ერთ სუპერმარკეტში იყიდება.

Print