რეგიონი
სოხუმმა საბჭოთა პასპორტები ძალადაკარგულად გამოაცხადა
სოხუმმა საბჭოთა პასპორტები, რომლითაც დღემდე სარგებლობდა გალის რაიონში მცხოვრები ქართული მოსახლეობის ნაწილი, ძალადაკარგულად გამოაცხადა. ამის შესახებ DFWatch -ს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა განუცხადეს.

„მეზობელს დედა გარდაეცვალა, რომელიც ავადმყოფობის გამო ზუგდიდში იყო გადაყვანილი. შვილი გალის რაიონში იყო, დღეს გადასვლა სცადა, თუმცა რუსმა მესაზღვრეებმა უარით გამოისტუმრეს და უთხრეს, რომ ამ საბუთით გადასვლას აწი ვერ შეძლებს. ვინც ენგურს გაღმა იყო გადასული და ამ საბუთის იმედი ჰქონდა, იქეთ დარჩა, ენგურს გამოღმა მყოფები კი ადგილზე ჩაიკეტნენ. არ აქვს მნიშვნელობა ე.წ. „ვიდ ნა ჟიტელსტვაზე“ გაქვს თუ არა განაცხადი შეტანილი, მაინც არავის უშვებენ“, – ამბობს გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მცხოვრები ბ.ც. და დასძენს, რომ ამ ეტაპზე შეჩერებულია ბინადრობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემაც.

ე.წ. წითელი პასპორტი ერთ-ერთი საბუთი იყო, რომლითაც დე ფაქტო აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლა იყო შესაძლებელი. ამჟამად იქ მოქმედ საბუთთაგან, ძალაშია ახალი ნიმუშის აფხაზური „მწვანე პასპორტი“ და ცნობა ბინადრობის ნებართვის შესახებ.




Print