რეგიონი
სოხუმში აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების პერსპექტივები განიხილეს
საერთაშორისო არენაზე აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას, რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებული დაძაბულობა და ასევე, ამ საკითხის მიმართ საქართველოს დამოკიდებულება აფერხებს. ამის შესახებ სოხუმში გამართული  კონფერენციის მონაწილეებმა განაცხადეს. ღონისძიებაზე, სახელწოდებით, "10 წელი აღიარების შემდეგ : შედეგები და პერსპექტივები" ისაუბრეს. წერს ინტერნეტ-გამოცემა "აიაირა".

შეხვედრის მონაწილე პოლიტოლოგმა ალექსანდრე სკაკოვმა აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ მოწყობილი საბოტაჟის გამო, რომელსაც დასავლეთი და აშშ უჭერენ მხარს, აფხაზეთს არ აღიარებს მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა.

"თუ აფხაზეთის დამოუკიდებლობას დასავლეთის, თუნდაც რამდენიმე ქვეყანა აღიარებს, საქართველოც მათ მიბაძავს", - განაცხადა მან.

მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ აფხაზეთი თურქეთმა აღიაროს. პოლიტოლოგმა აღნიშნა, რომ ასეთი რამ შესაძლებელია, "თურქეთის ამერიკისგან და ნატოსგან დაშორების გათვალისწინებით", თუმცა, ეს ახლო მომავალში არ მოხდება. ის აღნიშნავს, რომ სხვა ქვეყნების მიერ აფხაზეთის აღიარება არა მარტო რუსეთის, არამედ, "თავად რესპუბლიკის ძალისხმევის დამსახურებაა"

რუსმა პოლიტოლოგმა პავლოვსკი თვლის, რომ საქართველო უნდა შევიდეს აფხაზეთთან თანასწორ დიალოგში. მისი თქმით, ამისთვის შესანიშნავი სივრცეა, ჟენევის მოლაპარაკებები. მაგრამ, "ნაცვლად ამისა, საქართველოს უშედეგოდ ცდილობს აფხაზეთის თავის კონტროლს დაუქვემდებაროს".

"სამწუხაროდ, გაერო ჩვენ სეპარატისტებად გვთვლის. ზოგიერთი წამყვანი სახელმწიფოს, საქართველოს ე.წ. მეგობრების, ორმაგი სტანდარტების გამო, იბლოკება ჩვენი ახლგაზრდა სახელმწიფოს ქმედებები", - თქვა დე ფაქტო აფხაზეთის რეპატრიაციის მინისტრმა ბესლან დბარმა.

მან დამსწრეებს შეახსენა, რომ პუტინის მიერ მოსკოვში რაულ ხაჯიმბას და ანატოლი ბიბილოვის მიწვევის პარალელურად, თბილისში გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტი იმართება.

დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინსტრმა დაურ კოვემ, ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში გააქტიურდა სოხუმის კონტაქტები ცალკეულ ევროპულ ქვეყანასთან. მისი განცხადებით, 2017 წელს იტალიაში "აფხაზეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა" დარეგისტრირდა.

რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა.








Print