რეგიონი
წალენჯიხის ორ სოფელში საპროტესტო აქცია გაიმართა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის ჭალესა და მუჟავას მოსახლეობა საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ითხოვს. მათ აქციები ორივე სოფელში პარალელურად გამართეს. მოგვიანებით, ისინი მუჟავას ცენტრში შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია ერთობლივად გააგრძელეს. მათ ხელში შემდეგი შინაარსის ტრანსპარანტები ეჭირავთ: ,, გზა ჩვენი მომავალია", "ჩვენ დავიღალეთ",,, ერთად დგომით ყველაფერი გამოვა", ,,დაგვეხმარეთ". ადგილობრივები ჭალე -ფახულანის დამაკავშირებელი 5 კილომეტრიანი გზისა და ჯვარი - მუჟავას 12 კილომეტრიანი გზის დაგებას ითხოვენ.



"წლებია ამ პრობლემის მოგვარებას ვითხოვთ, თუმცა ყურადღებას არავინ გვაქცევს", -  ამბობენ აქციის მონაწილეები.

აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, შექმნილი საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის გიორგი არქანიას თქმით, თუ ამ პრობლემას უახლოეს დღეებში არ მოაგვარებენ ორი სოფლის მოსახლეობა არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს.

"ორი წელია, რაც საინიციატივო ჯგუფი შევქმენით და ამ პრობლემის მოგვარებას ვცდილობთ, თუმცა უშედეგოდ", - ამბობს ის.

მათ ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია შეხვდა. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, აღნიშნული გზების რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში მოხდება.



საპროტესტო აქცია რეგიონის გუბერნატორის მისვლისა და მისგან მიღებული დაპირების შემდეგ დაიშალა.

Print