რეგიონი
ალექსანდრე მოწერელია: პირველი იანვრიდან სვანეთში ტყის ინვენტარიზაცია დაიწყება
სამეგრელო-ზემო სვანეთის ახლად დანიშნული გუბერნატორი სვანეთში იმყოფებოდა. სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ალექსანდრე მოწერელია და მისი მოადგილე, ნინო ვიბლიანი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის მოსახლეობას შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

ამავე ცნობით, ადგილობრივებმა უმთავრეს პრობლემად მოჭრილი ხე-ტყის გატანა დაასახელეს. ალექსანდრე მოწერელიას გადაწყვეტილებით, შესაბამისი ნებართვის საფუძველზე მოჭრილი ხე-ტყის გატანას სოფელ ხაიშის მოსახლეობა 1 იანვრამდე, ეტაპობრივად შეძლებს. 1 იანვრიდან კი მოხდება ტყის ინვენტარიზაცია, ამოქმედდება რეგულაციები, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე იქნება მორგებული.



"ჩვენთვის მოსახლეობის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია. ხალხთან უშუალო კომუნიკაცია ჩვენი საქმიანობის სწორი მიმართულებით წარმართვას შეუწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, ჩვენ მათთან მოვედით და ადგილზე გავეცანით არსებულ საჭიროებებს. ვფიქრობთ, რომ ხალხთან დიალოგი აუცილებელია იმისთვის, რომ განვახორციელოთ მათ საჭიროებებზე მორგებული ღონისძიებები და მათთვის პრიორიტეტული პროექტები", - აღნიშნა მოწერელია.

სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორი თანამდებობაზე 21 აგვისტოს დაინიშნა.


Print