რეგიონი
ხაჯიმბა „საქართველოსთან საზღვარზე“ ვაჭრობის ლეგალიზაციის წინადადებით გამოდის
სოხუმში გამართულ კონფერენციაზე, სადაც 2018 წლის პირველი ნახევრის მუშაობის შედეგები შეაჯამეს, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ადმინისტრაციულ საზღვარზე ვაჭრობის საკითხს შეეხო.

„ჩვენ ამ პროცესის ლეგალიზაცია უნდა მოვახდინოთ. დღეს ენგურზე საქართველოსთან არაკანონიერ სავაჭრო ურთიერთობებს აქვს ადგილი. იქიდან, დემპინგურ ფასებში შემოტანილი საქონელი ჩვენს პროდუქციას არაკონკურენტუნარიანს ხდის. საქართველოდან შემოტანილი საქონელი არ იბეგრება… საქართველოს ტერიტორიიდან შემოტანილი ნებისმიერი პროდუქტი უნდა დაფიქსირდეს. ომის შემდეგ ამ საზღვარზე საბაჟო გადასახადები დაწესდა, შემდეგ მათი გაუქმება გადაწყდა. რატომ უნდა მდიდრდებოდნენ ცალკეული პირები სახელმწიფოს ხარჯზე?“, - განაცხადა რაულ ხაჯიმბამ შესაბამის კითხვაზე პასუხისას.

შეხვედრაზე ენერგეტიკის სფეროს პერსპექტივებიც განიხილეს. ხაჯიმბას თქმით, მხოლოდ „სახელმწიფო სტრუქტურების“ ძალისხმევით სიტუაცია
არ შეიცვლება. საჭიროა, რომ მოსახლეობამ შეცვალოს მიდგომები. მან აღნიშნა, რომ რამდენიმე ქვესადგურში, რუსეთის ფინანსური დახმარებით, შესაძლებლი გახდა მდგომარეობის გაუმჯობესება. თუმცა, მან აღნიშნა, რომ ჯერაც უამრავი პრობლემა რჩება და გადამცემი ხაზები და შიდა ელექტროქსელებს სავალალო მდგომარეობაშია. ამ პრობლემის გადაჭრას, ხაჯიმბას თქმით ინვესტიციები და კოლოსალური თანხა სჭირდება.

"მინისტრთა კაბინეტმა შეიმუშავა ენერგეტიკის სფეროს განვითარების პროგრამა, რომელიც 10 მილიარდ რუბლზეა გათვლილი. პირველ ეტაპზე 3 მილიარდი რუბლი მაინც დაგვჭირდება გარკვეული საკითხების გადასაჭრელად. მცირე ელექტრო სადგურებზე ჯერჯერობით საუბარი არ მიდის. მომდევნო საინვესტიციო პროგრამაში გავითვალისწინეთ გალის რაიონში მდებარე ვარდნილჰესზე ჩასატარებელი სამუშაოები. ეს სერიოზული მხარდაჭერა იქნებოდა. საერთო ჯამში- სიტუაცია კრიტიკულია", - განაცხადა ხაჯიმბამ.
Print