რეგიონი
ყინულის სახლში რეაბილიტაციისთვის სამუშაოების დაწყება უახლოეს დღეებში იგეგმება
ზუგდიდის ყინულის სახლში სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას ტენდერში გამარჯვებული კომპანია მიმდინარე კვირაში გეგმავს. შპს "კელვინის" დირექტორმა ზურაბ ომიაძემ რადიო "ათინათს" უთხრა, რომ ამ დროისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მისივე ინფორმაციით, უკვე შეძენილია მილგაყვანილობა და მზადდება საცირკულაციო მოწყობილობები.

"ამ კვირაში, თუ რამემ არ შეგვიშალა ხელი, ვგეგმავთ, რომ ჩამოვიდეთ და მილგაყვანილობა დავამონტაჟოთ. პარალელურად, უნდა დავიწყოთ სამშენებლო სამუშაოებიც. ჩვენ სამთვიანი ვადა გვაქვს, დანადგარები უნდა შევუკვეთოთ და ჩამოვიდეს იტალიიდან", - თქვა ომიაძემ.

ხელშეკრულება ზუგდიდის მერიასა და შპს "კელვინს" შორის 20 აგვისტოს დაიდო. კომპანიამ სამუშაოები 14 ნოემბრამდე უნდა დაასრულოს.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, დაგეგმილია ყინულის მოედნის ნაწილის სადემონტაჟო სამუშაოები, გაყინვის სისტემების მოწყობილობების გამოცვლა-მონტაჟი, ასევე, განათებისა და გახმოვანების მოწყობა. კომპანია სამუშაოებს 407 830 ლარად განახორციელებს.

შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა კი სამი წელია.

ყინულის მოედნის გახსნა 2014 წლის შემდეგ რამდენჯერმე დაანონსდა, თუმცა ეს დღემდე ვერ მოხერხდა. მოედნის მშენებლობა 2012 წელს დაიწყო, რისთვისაც 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.


Print