ახალი ამბები
ხობში ცენტრალური პარკის რეაბილიტაციისთვის მილიონი ლარი გამოიყო
ხობში, ცენტრალური სკვერისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციისთვის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რომლის შეყიდვის ღირებულება 1 000 000 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, საუბარია ქალაქის ცენტრში მდებარე პარკის სრულ რეაბილიტაციაზე, სხვადასხვა გასართობი საშუალების, მათ შორის, სპორტული მოედნების, ტრენაჟორებისა და ატრაქციონების მოწყობაზე. გარდა ამისა, დაიდგმება ბეჭდების, გოგონების და ჩემოდნების მონუმენტები, ახალი სკამები, მოეწყობა განათებები და დამონტაჟდება წარწერა „მე მიყვარს ხობი“.

მერიაში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ აღნიშნული პროექტი გარდამავალია და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანადაფინანსებით განხორციელდება. მიმდინარე წელს გასახარჯი 500 000 ლარიდან ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარი გამოიყოფა, მომდევნო წელს კი 25 000.

ტენდერი მერიამ უკვე მეორედ გამოაცხადა. პირველ შემთხვევაში მონაწილე ერთადერთმა პრეტენდეტმა შპს „ჯორჯიან სტოუნმა“ ტექნიკური დისკვალიფიკაცია მიიღო.

წინადადებების მიღება უკვე დაწყებულია და ის 7 სექტემბრამდე გაგრძელდება.





Print