ახალი ამბები
ანაკლიის პორტისა და ეკონომიკური ზონის პროექტები საფრანგეთში ბიზნეს-სექტორს წარუდგინეს
პარიზში, საფრანგეთის ბიზნეს-კონფედერაციის (MEDEF) ცენტრალურ ოფისში, „ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთი ბოჭორიშვილმა ქალაქ ანაკლიის, ღრმაწყლოვანი პორტისა და ეკონომიკური ზონის პროექტი წარადგინა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან" აცნობეს.

ამავე ინფორმაციით, „ანაკლია სითის“ დირექტორს და საქართველოში საფრანგეთის ელჩს, ბატონ პასკალ მენიეს MEDEF-ის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. გარდა ამისა, შეხვედრას წამყვანი ფრანგული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ანაკლიის პროექტებთან ერთად, ღონისძიებაზე ქართული ბიზნესგარემო და საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილეს.

გარდა ამისა, ქეთი ბოჭორიშვილი პარიზში, “ბოლორე გრუპის” სათავო ოფისში, ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს სატრანსპორტო კომპანიის „Bolloré“ წარმომადგენლებსაც შეხვდა. აღნიშნული კომპანია მუშაობს ტვირთვის გადაზიდვის, სარკინიგზო, საგზაო და საჰაერო ტრანსპორტირების მიმართულებით.

კონსორციუმის ცნობით, „ანაკლია სითისა“ და Bolloré-ს წარმომადგენლების შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობა და ფრანგული კომპანიის პოტენციური ინტერესი, ანაკლიის პროექტის მეშვეობით, მათი სერვისების კავკასიასა და ცენტრალური აზიის რეგიონში გავრცობის შესახებ.


ამავე თემაზე:

კორპორაცია „ოპიკი“ ანაკლიის პორტში მნიშვნელოვან ინვესტირებას განიხილავს
Print