ახალი ამბები
ანაკლიასა და მიმდებარე სოფლებში 2 მლნ ლარის ინვესტირებას განახორციელებენ
„ანკალიის განვითარების კონსორიცუმის“ (ADC) აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა და USAID-ის პროექტის „ზრდა“ - ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის შესახებ. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ კონსორციუმიდან აცნობეს. შეთანხმების მიხედვით, ADC-ი და USAID-ის პროექტი „ზრდა“ განახორციელებენ 2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას ანაკლია/ზუგდიდისა და მეზობელი სოფლების რეგიონული ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისათვის.

კონსორციუმის ინფორმაციით, ახალი პროექტი სამ მთავარ მიმართულებაზე ფოკუსირდება: მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა; ადგილობრივი მოსახლეობის კვალიფიკაციის ამაღლება, როგორც ანაკლიის პორტის, ისე სხვა ტიპის სამუშაო ბაზარზე დასაქმებაში ხელშეწყობისთვის; ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებაში მონაწილეობა. პროექტში USAID-ის პროექტი „ზრდა“ 1 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას ახორციელებს, ისევე, როგორც მასში 1 მილიონ აშშ დოლარის ინვესტირებით მონაწილეობს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“.

„ეს პარტნიორობა განასახიერებს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ჩართულობას საქართველოს რეგიონის გაძლიერებაში. ის ასევე წარმოადგენს ჩვენს განზრახვას, კერძო სექტორთან ერთად ჩავერთოთ ჩვენი ერთობლივი მიზნების მისაღწევად“, - თქვა USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა პიტერ ვიბლერმა.

ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელი მამუკა ხაზარაძე.

„ანაკლიელების და რეგიონის ადგილობრივი მაცხოვრებლების კეთილდღეობა, ანაკლიის პორტის პროექტის დაწყების დღიდან, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი სურვილი და მიზანია. მოხარულნი ვართ, რომ ამ ახალი, მნიშვნელოვანი პროექტით და USAID-ის პროექტ “ზრდასთან“ პარტნიორობით, ჩვენ ამ მისიას მასშტაბურად განვახორციელებთ“, - აღნიშნა ხაზარაძემ.

USAID-ის პროექტ „ზრდისა“ და ADC-ის ერთობლივი პროგრამის განავითარების პროექტი 2020 წლის ბოლოსკენ დასრულდება.

ამავე თემაზე:

ანაკლიის პორტის საზღვაო აკვატორია სპეციალისტებმა და არქეოლოგებმა შეისწავლეს

Print