ახალი ამბები
გიორგი გახარია: 21 წლამდე პირებისთვის მარიხუანის მოხმარება დაისჯება
შს მინისტრის გიორგი გახარიას ინფორმაციით, მარიხუანას მოხმარებისთვის სანქციები 21 წლამდე მიუღწეველ ახალგაზრდებზე მკაცრდება. ამასთან, აღნიშნული ასაკის პირების ჩართვა მარიხუანის მოხმარებაში სისხლის სამართლის წესით დაისჯება. ეს განცხადებები გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„ყველა სახის მარიხუანას მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე იქნება დასჯადი. 21 წლამდე ახალგაზრდების მიერ მარიხუანას მოხმარება, ყველა სახის სივრცეში, სადაც ეს არ უნდა მოხდეს, იქნება დასჯადი. ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომ მარიხუანას კლინიკური ზემოქმედების ქვეშ, სატრანსპორტო საშუალებების მართვა, გახდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დასჯადი. გარდა ამისა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ 21 წლამდე ახალგაზრდის ჩართვა მარიხუანას მოხმარებაში ასევე გახდება სისხლის სამართლის წესით დასჯადი“, - აღნიშნა მინისტრმა.

გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, მარიხუანისს მოხმარება არ იქნება დასჯადი, მხოლოდ პირად სივრცეში.

„საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილების ლოგიკიდან და სულისკვეთებიდან გამომდინარე, ჩვენი ნარკოპოლიტიკის კონტექსტში გახდა აუცილებელი, მოხდეს შინაარსობრივი და ეფექტური რეგულირება მარიხუანას მოხმარების. ამ ნაწილში, ჩვენ მთავრობის დავალებით გავატარეთ გარკვეული სამუშაოები და მივაღწიეთ კანონის ისეთ ხარისხს, რომელიც გვაძლევს ეფექტური რეგულირების საშუალებას, რაც გულისხმობს იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების არეალი იქნება მაქსიმალურად შემცირებული. ეს ნიშნავს იმას, რომ მარიხუანის მოხმარება არ იქნება დასჯადი, მხოლოდ და მხოლოდ პირად სივრცეში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა. შს სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანას მოხმარება მოექცევა მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში.

ამავე თემაზე:


შსს: მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცევა


Print