რეგიონი
ენმ ზუგდიდში ყოფილი მაღალჩინოსნების კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მურთაზ ზოდელავა ზუგდიდში ყოფილი მაღალჩინოსნების კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს და მათ დასჯას ითხოვს. მისივე ინფორმაციით, არსებობს აუდიო ჩანაწერი, რომელშიც ბიზნესმენი ადგილობრივ ჩინოვნიკებს ესაუბრება და მათთვის ქრთამის სახით გადახდილი ფულის უკან დაბრუნებას ითხოვს.

„ქართული ოცნება გადაიქცა ჩვეულებრივ ბანდიტურ დაჯგუფებად,  რომლების მიზანიც რაც შეიძლება მეტი წაიღონ. არც ერთი პრობლემა , რომელიც აწუხებს ზუგდიდელებს მათთვის ეს პრობლემა არ არსებობს. ამას უკვე ვერც მალავენ, ტოტალურმა  კორუფციამ მოიცვა სამეგრელო. დაახლოებით სამი ოთხი კვირაა ყოველი მეორე ადამიანი რომელსაც გამგეობასთან რაიმე შემხებლობა აქვს საუბრობს ამ ჩანაწერებზე. სულ იმაზეა საუბარი რომ ვიღაცამ ვიღაცა ჩაწერა, რომ ეს ჩანაწერი სუს-ში მიიტანეს. აქ საუბარია იმაზე, რომ ერთ-ერთი ბიზნესმენი სთხოვს მათ უკან გადახდილ ქრთამს. ამ ჩანაწერში ნახსენებია როგორც ყოფილი გუბერნატორი, მერი და მისი მოადგილე. თითქმის ყველა ჩინოვნიკი ჩართულია კორუფციულ ამბებში. დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება. მხოლოდ გადადგომა აქ არაფერს არ შველის. ხალხი მათ პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს. ჩვენც მოვითხოვთ, რომ დაიწყოს საგამოძიებო მოქმედებები და მოხდეს ამ ხალხის დაპატიმრება, იმიტომ რომ შეუძლებელია გაღარიბებულ რეგიონში ვიღაცა მდიდრდებოდეს მოსახლეობის ხარჯზე“, - ამბობს ზოდელავა.

მისივე თქმით, ტოტალური კორუფცია არა მხოლოდ ზუგდიდში, არამედ თბილისშიც და საქართველოს სხვა რეგიონებშიცაა.



ზოდელავამ  ჟურნალისტებს ფოტო მასალები მიაწოდა, სადაც მისი მტკიცებით ის ბიზნესმენია ასახული, რომელიც მაღალჩინოსნებს ფულის უკან დაბრუნებას სთხოვდა.

ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ, თანამდებობის დატოვებს შესახებ პოსტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გუშინ, გვიან ღამით, დაწერა. რაც შეეხება მის მოადგილეს გია გულორდავას, მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდება.


ამავე თემაზე:

ლაშა გვასალია: არ ვიცი, უკავშირდება თუ არა მერის გადადგომა ფარულ ჩანაწერებს

Print