პოლიტიკა
ლაშა დამენია: ზუგდიდის მერი „ქართული ოცნების“ შიდა დაპირისპირების გამო გაათავისუფლეს
„ევროპული საქართველოს“ წევრის ლაშა დამენიას თქმით, ზუგდიდის მერი ლაშა გოგია კორუფციის გამო არ გადამდგარა და მას თანამდებობის დატოვება აიძულეს.

დამენიამ ასევე თქვა, რომ ლაშა გოგიას მმართველ პარტიაში მფარველები ჰყავდა. მათი მმართველი ორგანოებიდან წასვლის შემდეგ კი, დამენიას მტკიცებით, ზუგდიდის მერი აიძულეს სოციალურ ქსელში გადადგომის შესახებ განცხადება გაეკეთებინა.

„კორუფციის გამო არ მომხდარა ლაშა გოგიას გათავისუფლება, ეს არის „ქართული ოცნების“ შიდა დაპირისპირება. იყო პერიოდი, როცა გოგიას „ქართულ ოცნებაში“ მფარველები ჰყავდა, მისი მფარველები წავიდნენ მართვის წრეებიდან. ხედავთ, რომ ერთი თვის განმავლობაში მოხსნილი იყვნენ გუბერნატორის მოადგილეები, აპარატის ხელმძღვანელობა. გოგიას მოხსნილს დავარქმევ. მას გამოეცალა მფარველები „ქართულ ოცნებაში“. როგორც კი მფარველები გამოეცალა, ის აიძულეს გაეკეთებინა განცხადება სოციალურ ქსელში. უბრალოდ, მათ ვეღარ დამალეს ის კორუფციული სქემები, რომელიც არსებობდა და არსებობს ზუგდიდის გამგეობაში და იძულებული გახდნენ, საქმე აღეძრათ“,- თქვა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.


ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ გადადგომის შესახებ პოსტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გუშინ, გვიან ღამით, დაწერა. რაც შეეხება ვიცე-მერს გია გულორდავას მან თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება კანცელარიას უკვე გადასცა. დღესვე „რუსთავი 2“-მა ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც, ტელეკომპანიის მტკიცებით, ლაშა გოგია ბიზნესმენთან კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. ფარული ჩანაწერის მიხედვით, ერთ-ერთი ბიზნესმენი მერისგან მისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს. ზუგდიდის მერის წინააღმდეგ აღნიშნული ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ სუს-მა გამოძიება 338-ე მუხლით დაიწყო, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს.


ამავე თემაზე:

კალაძე ზუგდიდის მერის გადადგომას ეხმაურება: მკაცრად დაისჯება ყველა, ვინც გაბედავს არასწორი ნაბიჯები გადადგას



Print