ახალი ამბები
გიგა მაქარაშვილი ფეხით თბილისიდან ენგურის ხიდის მიმართულებით დღეს წამოვა
რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად გიგა მაქარაშვილი თბილისიდან ფეხით დღეს საღამო წამოვა, მისი საბოლოო დანიშნულების ადგილი კი ენგურის ხიდია, სადაც 27 სექტემბერს გეგმავს მისვლას.

გიგამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ ახლა ბოლოს სამზადისს გადის. ფეხით წამოსასვლელად კი ფიზიკურად ემზადებოდა.

„ძალიან მოტივირებული ვარ. დღეში მიწევს 25 კილომეტრის გავლა. გარდა იმისა, რომ ფიტნეს კლუბში ვარჯიშის საშუალება მომცეს, ფეხითაც დავდიოდი ბევრს. გზადაგზა, პერიოდულად, შესაძლოა, შემომიერთდნენ. ახლა, რაც ზუსტად ვიცი, ოთარ საბაშვილი წამოვა დღეს და შაბათ-კვირას ივლის ჩემთან ერთად. მაქსიმალურად კონცენტრირებული ვარ, რადგან აქ შეცდომის დაშვების უფლება არ მაქვს“, - გვითხრა გიგა მაქარაშვილმა.

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს კი მასთან ერთად რუსულ აგრესიას 100-ზე მეტი ადამიანი გააპროტესტებს, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ენგურის ხიდზე ჩამოვა.

გიგა მაქარაშვილმა ოკუპაციის გასაპროტესტებლად თბილისიდან ენგურის ხიდამდე ჩასვლა ფეხით, დაახლოებით, ერთი თვის წინ დაგეგმა. მაშინ მან გვითხრა, რომ ეს ნაბიჯი მისი მხირდან სამოქალაქო აქტივიზმია და სწორედ ასე შეუძლია, ამ ეტაპზე, მაქსიმუმის გაკეთება ქვეყნისთვის.

„როცა ქვეყანა და მისი ინსტიტუტები ვერაფერს აკეთებს დეოკუპაციისთვის და ადამიანებსაც არანაირი ბერკეტი არ გვაქვს საბრძოლველად, სწორედ ასეთ დროსაა აუცილებელი სამოქალაქო აქტივიზმი, წერტილოვანი დარტყმები და პატრიოტული მუხტი. მე პირადად ვფიქრობ, რომ მხოლოდ ამ გზით შევძლებ სრულად დავიხარჯო ანუ მაქსიმუმი გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის“, - თქვა მან.

მას 27 სექტემბრამდე ფეხით, დაახლოებით, 340 კმ-ის გავლა მოუწევს.

ფოტო: გიგა მაქარაშვილი


ამავე თემაზე:

სოხუმის დაცემის დღისთვის გიგა მაქარაშვილმა თბილისიდან ენგურის ხიდამდე ფეხით ჩასვლა დაგეგმა
Print