რეგიონი
"ივანიშვილისა და ბახტაძის პატარა სცენარი ზუგდიდში" - ოპოზიციის შეფასება მერის გადადგომაზე (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე ზუგდიდის მერის ლაშა გოგიას გადადგომის შესახებ განცხადება ცნობად მიიღო. შესაბამისად, გოგიას მერის უფლებამოსილება შეუწყდა. მერთან დაკავშირებულმა საკითხმა ზუგდიდის საკრებულოში ხმაური და დაპირისპირება გამოიწვია. ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური ფრაქციების დეპუტატები დაუპირისპირდნენ. ხმაური ანა წითლიძის განცხადებამ გამოწივია. მან საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა და უთხრა, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, რადგან მერის მიერ შემოთავაზებული საკითხები სხდომაზე სწორედ მას გაჰქონდა.

„იმ კორუფციული სკანდალში, რომელშიც გარეული არიან ყოფილი მაღალჩინოსნები, მონაწილე არის მამუკა წოწერიაც. მას აკისრია პოლიტიკური პასუხიმგებლობა და უნდა გადადგეს, რადგან მერის ყველა გადაწყვეტილება მას გამოჰქონდა საკრებულოზე და იცავდა უპირობოდ“, - თქვა წითლიძემ.

მის მსგავსად მმართველი გუნდის წევრების პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ბათლომე შელიაც. მისი თქმით, პასუხისმგებლობის აღების ნაცვლად „ქართულ ოცნებაში“ გადაჯგუფება მოხოდა.

„ყოველივე იმის შემდეგ, რაც წინა კვირას ვიხილეთ, ნაცვლად იმისა, რომ პასუხისმგებლობა აეღოთ, მივიღეთ გადაჯგუფება. გვაქვს ბიძინა ივანიშვილისა და ბახტაძის პატარა სცენარი ზუგდიდში. ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება და საზოგადოების დაცინვა „ქართული ოცნების“ მხრიდან“, - თქვა შელიამ სხდომაზე.

მან ასევე დაუსვა კითხვა საკრებულოს წევრებს, რატომ არ დაუჭირეს პირველად მხარი გულუას პარკთან დაკავშირებულ საკითხს და რატომ შეცვალეს გადაწყვეტილება მეორე სხდომისთვის. მას „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა დეპუტატმა ირაკლი ლაგვილავამ უპასუხა, რომ საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაჰქონდა.

რაც შეეხება მამუკა წოწერიას, მან განმარტა, რომ აღნიშნული საკითხების მიღების დროს ის არ თავმჯდომარეობდა სხდომებს და მის მოვალეობას მოადგილე ასრულებდა. რაც შეეხება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, წოწერია ამბობს, რომ გადაწყვეტილებას გამოძიების დასრულების შემდეგ მიიღებენ.

„ემოციური განცხადებებისგან, ჯერჯერობით, თავს ვიკავებთ. არ უნდა გამოვიდეთ სამართლებრივი ჩარჩოებიდან და არ დავარღვიოთ უდანაშაულობის პრეზუმცია. მერმა აიღო პოლიტიკური პასუხიმგებლობა. ველოდებით გამოძიების შედეგებს. გამოძიების დასრულების შემდეგ ყველა მივიღებთ ჩვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. კორუფციული სქემები კი ჯერ კიდევ დასადგენია“, - აღნიშნა წოწერიამ.

ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ გადადგომის შესახებ განცხადება ოფიციალურად გუშინ დაწერა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის მერს უფლებამოსილება შეუწყდა






Print