ახალი ამბები
ზუგდიდში მასშტაბური საცხენოსნო შეჯიბრისთვის ემზადებიან (ვიდეო)
ზუგდიდში, ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე, 29 სექტემბერს მასშტაბური სპორტული ღონისძიება საცხენოსნო შეჯიბრი გაიმართება. ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის საცხენოსნო კლუბ "ხარებას" დამფუძნებლის მამა იაკობ ეხვაიას თქმით, შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ როგორც საქართველოს რეგიონებში, ასევე, სომხეთსა და აზერბაიჯანში არსებული საცხენოსნო კლუბები და ცხენოსნები.

„სამ ათეულ წელზე მეტია, რაც მსგავსი ღონისძიება არ ჩატარებულა ზუგდიდში. ეს იმის საწინდარია, რომ მომავალში ჩვენთან საცხენოსნო სპორტი და ნახიონალური ცხენოსნობა კვლავ აღორძინდება და განვითარდება. იმედი გვაქვს, რომ მომავალში ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებიც შემოგვიერთდებიან და ეს იქნება ერთგვარი საფუძვლის ჩაყრა ჩვენი დარღვეული მეგობრობის აღდგენის“, - უთხრა რადიო „ათინათს“ მამა იაკობმა.

ამ დროისთვის მომავალი შეჯიბრის ადგილს, რომელიც, დაახლოებით, 10 ჰექტარს მოიცავს, მერიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები დოღისთვის ამზადებენ. მამა იაკობი ამბობს, რომ სპორტის ამ სახეობის განსავითარებლად კარგი იქნება, თუ ზუგდიდში იპოდრომისთვის ერთი ტერიტორია გამოიყოფა.



ღონისძიების მთავარი სპონსორი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმია“. შეჯიბრში გამარჯვებულს სწორედ „ანაკლიის თასი“ გადაეცემა.


Print