პოლიტიკა
ზუგდიდში სალომე ზურაბიშვილის შეხვედრაზე მედიის შესვლა შეფერხდა
ზუგდიდში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, სადაც ამ წუთებში პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შეხვედრა მიმდინარეობს, ხმაური იყო. დარბაზის შესასვლელთან გაურკვეველი პირები ზურგით იდგნენ, რომლებიც რამდენიმე მოქალაქეს დარბაზში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. მათ შორის იყო მანანა ტრანკლე, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერია. მისი თქმით,  აქ პარტიის სახელით არ მოსულა და ზურაბიშვილთან საკუთარი კითხვები აქვს:

"მე მაინტერესებს, რა უფლებით აღიარებს ზურაბიშილი აფხაზეთსა და სამაჩაბლოს?", - აღნიშნა ტრანკლემ.

კითხვაზე, რატომ არ უშვებდნენ მათ, უცნობი პირები პასუხს არ სცემდნენ.

აღნიშნულის გამო დარბაზში მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის შესვლაც შეფერხდა.

"სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლის დათა აქუბარდიას თქმით, ისინი დარბაზში შემთხვევით, გაწევ-გამოწევის შედეგად მოხვდნენ.

მოგვიანებით, შენობაში ზუგდიდის მაჟორიტარი მერაბ ქვარაია მოვიდა, რომელმაც თქვა, რომ პროვოკაციებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს და შეხვედრაზე დასწრების საშუალება ყველას მიეცემა.
Print