რეგიონი
ნიკოსეული სასახლის რეაბილიტაცია ნოემბერში დასრულდება
სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ნიკო დადიანის სასახლეს პირვანდელი იერსახე დაუბრუნდება. ამ დროისთვის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობითა და ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის ნიკოლოზ ანთიძის ინფორმაციით, სასახლის რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლოს დასრულდება.

რეაბილიტაციის დაწყებამდე ევროპული სტილის სასახლე, რომელსაც ყველაზე დიდი სამეჯლისო დარბაზი აქვს, წლების განმავლობაში ნადგურდებოდა და ბოლო პერიოდში უსაფრთხოების მიზნით ვიზიტორებს  ვეღარ იღებდა. განსაკუთრებულ პრობლემას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს სახურავიდან ჩამონადენი წყალი და მიმდებარე ტერიტორიაზე დაგროვილი წვიმის წყალი უქმნიდა, რომელიც საძირკველს აზიანებდა.

სააგენტოს ცნობით, 3 წლიანი სარეაბილიტაციო პროცესის მანძილზე სასახლეში კაპიტალურად გამაგრდა შენობის კონსტრუქციული სეგმენტები. სრულად შეიცვალა სახურავი. განახლდა სართულებსშუა კონსტრუქციები და იატაკი. სასახლის სარდაფები გაიწმინდა წლობით დაგროვებული მიწისა და სხვადასხვა სახის ნარჩენისგან.  შენობის ქვედა სართული მთლიანად მოპირკეთდა ავთენტური წყობისა და ფორმის ძველი ქართული აგურით. მოეწყო სავენტილაციო, კონდიცირებისა და გათბობის თანამედროვე კომუნიკაციები. 

უკვე სრულადაა შეცვლილი შენობის ამორტიზებული ხის მოსაპირკეთებელი კონსტრუქციები. ახლიდან მოეწყო აივნების მზიდი კონსტრუქციები, რომლებიც ხის მასალით შეიმოსა. მოეწყო შენობის სადრენაჟო სისტემა.

ნიკოსეული სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომელსაც არქიტექტორ-რესტავრატორი მერაბ ბოჭოიძის ხელმძღვანელობით შპს „ტაო-ტბელი“ ახორციელებს, 2 მილიონ ლარამდე თანხა იხარჯება.

ამავე ცნობით, სარეაბილიტაციო პროცესის დასრულების შემდგომ, ნიკო დადიანის სასახლის ინტერიერში ზუგდიდის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი და მისი ადმინისტრაცია დაიდებს ბინას.

სასახლეში გამოიფინება ეროვნული (ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული - XIX საუკუნის დასასრულის დადიანების მემორიალური ნივთებით დამთავრებული) და ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები, რომლებიც ამჟამად სამუზეუმო ფონდებშია დაცული.

ნიკოსეული სასახლის რეაბილიტაციის შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო დადიანების სამუზეუმო კომპლექსის მთავარი ნაგებობის - ეკატერინე დედოფლის სასახლის რეაბილიტაციის დაწყებასაც გეგმავს.

ნიკოსეული სასახლე XIX ს-ის 80-იან წლებშია აგებული რუსი არქიტექტორის ლეონიდ ვასილიევის მიერ. ორსართულიანი რეზიდენცია გამოარჩევს ქვის აივანი და საქართველოში ყველაზე დიდი სამეჯლისო დარბაზი. მუზეუმი დაარსდა 1921 წლის აპრილში სამეგრელოს მთავრის დავით ლევანის ძე დადიანის ძველ ნივთთა საცავ –საგანძურისა და სამეგრელოს ეკლესია–მონასტრებიდან გადმოტანილი ქართულ სიძველეთა ბაზაზე.
Print