ახალი ამბები
ინგირში საცხენოსნო შეჯიბრი „ანაკლიის თასი“ 2018 გაიმართა (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში დღეს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ დაფუძნებული საცხენოსნო შეჯიბრი გაიმართა. „ანაკლიის თასის“ გამარჯვებულებმა თასთან ერთად ფულადი ჯილდო 25 ათასი ლარის ოდენობითაც მიიღეს.

კონსორციუმის ხელმძღვანელის მამუკა ხაზარაძის თქმით, საპრიზო ფონდი გაიზრდება და შეჯიბრი ყოველწლიური გახდება.

"მინდა, ყველას მინდა მივულოცო ამ შეჯიბრის დაფუძნება. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ანაკლიის პორტის გარდა სხვა ისეთ საკითხებს შევეხოთ, რომელიც ძირძველია ქართველისთვის და კერძოდ, სამეგრელოსთვის. გვსურს, ავაღორძინოთ ძველი ტრადიცია, რადგან აქ იმართებოდა საცხენოსნო ჯირითობა, გვსურს, დავამკვიდროთ და ავიყვანოთ საერთაშორისო მასშტაბის დონეზე“, - აღნიშნა ხაზარაძემ.

დოღს დაესწრო სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, რომელმაც ყურადღება შეჯიბრის საზოგადოებრივ მნიშვნელობასა და ქართველ და აფხაზ ხალხს შორის ამ გზით ურთიერთობების გაღრმავებაზე გაამახვილა.

„ნიშანდობლივია, რომ კონფლიქტის ზონასთან სიახლოვეს იმართება შეჯიბრი და უახლოეს მომავალში, მომდევნო შეჯიბრისთვის იგეგმება აფხაზეთიდან მხედრების მოწვევა მონაწილეობისთვის. ეს ხელს შეუწყობს კულტურული კავშირებისა და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთობის გამტკიცებას, რაც საუკენეების განმავლობაში არსებობდა ჩვენ შორის“, - თქვა გუბერნატორმა.

დოღში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა ცხენოსნებმა და საცხენოსნო კლუბებმა მიიღეს, გამარჯვებული კი რამდენიმე კატეგორიაში გამოვლინდა.

ზუგდიდში არსებული საცხენოსნო კლუბ „ხარებას“ წარმომადგენელმა საბა ეხვაიამ ე.წ. „სუფთა სისხლის“ ცხენების კატეგორიაში პირველი ადგილი მოიპოვა.

სპეციალური ჯილდო გადასცეს დოღის უხუცეს, სამტრედიის საცხენოსნო კლუბის დირექტორს 72 წლის პავლე კაკაბაძეს.

სამეგრელოში საცხენოსნო დოღი ანაკლიის თასზე ყოველწლიური გახდება და საერთაშორისო მასშტაბს მიიღებს.

ამავე თემაზე:

ანაკლიის თასი 2018 (ფოტორეპორტაჟი)
Print