რეგიონი
ანაკლიამ ტურიზმის განვითარების რეგიონულ სიმპოზიუმს უმასპინძლა
ანაკლიაში სასტუმრო „ოქროს საწმისში“ ტურიზმის განვითარების რეგიონული სიმპოზიუმი გაიმართა. ის USAID Zrda-ს ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ, USAID საქართველოს წარმომადგენელთან დავით წიკლაურთან და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელთან თორნიკე ზირაქიშვილთან ერთად გახსნეს. შეხვედრაზე  ისაუბრეს რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელისშემშლელ ფაქტორებსა და გამოწვევებზე. გარდა ამისა, განიხილეს სამომავლო გეგმები, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის პოპულარიზაციას და მის უკეთ წარმოჩენას, როგორც საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო ტურისტულ რეგიონს. ინფორმაციას გუბერნატორის პრესსამსახური ავრცელებს. 

ამავე ცნობით, სიმპოზიუმი რეგიონის ტურიზმის განვითარების სამუშაო ჯგუფის პირველი ინიციატივაა, რომელიც წლის ბოლომდე ტურიზმის რეგიონული მართვის ორგანიზაციად (DMO) ჩამოყალიბდება.  ყურადღება აგრო, ეკო, სათავგადასავლო და კულტურულ ტურიზმზე და პროცესში მონაწილე მხარეებს შორის თანამშრომლობისა და კოორდინაციის განვითარებაზე გამახვილდება.

შეხვედრას ადგილობრივი მეწარმეები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები  და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

USAID/Zrda-ს ძალისხმევის შედეგად, პროექტის სამიზნე რეგიონებში მდებარე 415-მა საოჯახო სასტუმრომ და კაფე/რესტორანმა, მათ შორის 207-მა სამეგრელო-ზემო სვანეთში ისარგებლა ციფრული მარკეტინგის ტრენინგებით და დარეგისტრირდა Booking.com-ზე, Airbnb.com-ზე და TripAdvisor-ზე. Zrda-ს მხარდაჭერით, სამეგრელოსა და საქართველოს სხვა რეგიონებში ჩატარდა საინფორმაციო და მედია ტურები, გაიზარდა რეგიონებში არსებული ტურისტული ობიექტების ცნობადობა და ვიზიტორ-დამსვენებლის მაჩვენებელი.
Print