ახალი ამბები
ზუგდიდის სასამართლომ ენმ-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „ერთიანი ნაციონალურმა მოძრაობის“ მიერ საოლქო საარჩევნო კომისიის 25-ე უბანზე დაწერილი საჩივარი და შესაბამისად, მოთხოვნები არცერთ ნაწილში არ დააკმაყოფილა. ოპოზიციური პარტიის წევრები კენჭისყრის შედეგების გაუქმებას ითხოვდნენ. ამავე საჩივარში ოლქის წარმომადგენლის მიერ საუბნო საარჩევნო კომიისიის საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტიც იყო მითითებული.

პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძის თქმით, მათ განსხვავებული მოლოდინი არ ჰქონდათ, ისინი მოსამართლეს მიკერძოებული გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ.

„ცაცუა ცნობილია პოლიტიკური დავალებების შესრულებით. იმ უკანონობაში, რასაც ცესკო და საოლქო ჩადიან, ახლა უკვე სასამართლოც ჩაერთო, თუმცა მათ ამ ყველაფერზე პასუხისგება მოუწევთ, რადგან 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს ვერ შეცვლიან“, - უთხრა რადიო „ათინათს“ წითლიძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ობიექტური გადაწყვეტილების იმედი არ აქვთ, სარჩელს კიდევ მოამზადებენ, რათა, როგორც წითლიძე ამბობს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანზიაციების წარმომადგენლებს დაანახონ არსებული „უსამართლო“ გარემო, ყველა დარღვევა და ვითარება.

ამავე თემაზე:

ენმ-მ ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქში კედელზე საჩივრები გააკრა (ვიდეო)



Print