ახალი ამბები
MEGO BAR-ში ხანდაზმულთა დღე აღნიშნეს (ვიდეო)
მსოფლიო ხანდაზმულთა დღესთან დაკავშირებით ზუგდიდში, სოციალურ კაფე MEGO BAR-ში ღონისძიება გაიმართა.
პროექტს გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელშეწყობით არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის“ ახორციელებს.

„ჩვენი ორგანიზაციის მეშვეობით ხუთი თვის განმავლობაში ეს ადამიანები იკრიბებოდნენ MEGO BAR-ში, თვითონ გეგმავდნენ ღონისძიებებს, აქვთ ახალგაზრდებთან ურთიერთობა. გაიარეს კომპიუტერის კურსები. მომავალშიც ვგეგმავთ პროექტის განხორციელებას და ვიმედოვნებთ მეტი ჩაერთვება“, - თქვა ორგანიზაციის წარმომადგენელმა და სოციალური კაფის დამფუძნებელმა ნანა შედანიამ.

აქტიური დაბერების და ხანდაზმულთა რესოციალიზაციის ადვოკატირება UNFPA-ის ერთ-ერთი პროექტია. პილოტური პროექტის განხორციელება 2018 წელს დაიწყო.

“მიგვაჩნია, რომ ადამიანური კაპიტალი არის უმნიშვნელოვანესი და ამაზე ვერ ვისაუბრებთ ისე, თუ ხანდაზმულების პოტენციალი არ იქნება სრულად რეალიზებული. მოხარულები ვართ, რომ აქტიურად ჩაერთენ ხანდაზმულები და ახალგაზრდებმა შეუწყვეს ხელი რეინტაგრაციას“, - აღნიშნა გაეროს მოსახლეობის ფონდის კომუნიკაციის ანალიტიკოსმა სალომე ბენიძემ.

დღევანდელ ღონისძიებაზე ხანდაზმულებს სპეციალური სიგელები გადაეცათ. მათ პროექტის ორგანიზატორებსა და განმახორციელებლებს მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი აქტივობები მათთვის მნიშვნელოვანია.

ხანდაზმულთათვის შეთავაზებული პროგრამა კომპიუტერის კურსებს, ფილმების ჩვენებას და დისკუსიებს, მუზეუმებში ვიზიტებს და სხვადასხვა კულტურულ და შემეცნებით აქტივობას მოიცავს.
Print