ახალი ამბები
ლენჯერში გვიანი შუა საუკუნეების ძეგლს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა
მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფ. ლენჯერში მდებარე გვიანი შუა საუკუნეების ლელა ჯაჯვანის კოშკს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამის ბრძანებას ხელი სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ მოაწერა.

"მართკუთხა ფორმის კოშკი აშენებულია ნატეხი ქვით. დგას შემაღლებულ ფერდობზე. შემორჩენილია კოშკის ორი სართული და ცოკოლის ნაწილი. სამხრეთით მეორე სართულის დონეზე გაჭრილია სწორკუთხა ფორმის კარი თარაზული გადახურვით, რომლის თავზეც გაკეთებულია ღია ლუნეტი. სამხრეთ და აღმოსავლეთ კედლებზე აქვს ქვის შვერილები. შემორჩენილი კედლების ყველაზე მაღალი ნაწილი დაახლოებით ათი მეტრი სიმაღლისაა, ხოლო ყველაზე დაბალი - ორ მეტრზე ცოტა მეტი.მოგვიანო პერიოდში კოშკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, პირველი სართულის დონეზე მიდგმულია ბლოკით ნაგები მინაშენი", - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე ცნობით, კოშკი ტრადიციული სვანური კოშკის ტიპიური ნიმუშია. სააგენტოში ამბობენ, რომ მას, მიუხედავად დაზიანებებისა, არ დაუკარგავს ფასეულობები კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით და იმსახურებს უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭებას.
Print