ახალი ამბები
სოხუმის იზოლატორიდან აფხაზეთიდან დევნილი საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
აფხაზეთიდან დევნილი 52 წლის ზაურ გურჩიანი ორთვიანი პატიმრობის შემდეგ სოხუმის იზოლატორიდან გაათავისუფლეს. ის 2018 წლის 5 აგვისტოს ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს.

„ზაურ გურჩიანის დაკავების შესახებ მისმა ოჯახის წევრებმა რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველს სოზარ სუბარს შეატყობინეს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილით მიმართეს. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ზაურ გურჩიანის გათავისუფლების მოთხოვნით, ყველა შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურა აწარმოებდა მოლაპარაკებებს. ზაურ გურჩიანმა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორია გუშინ ღამე დატოვა და ოჯახს დაუბრუნდა. ოჯახების წევრების თქმით, ზაურ გურჩიანზე ფიზიკური ზეწოლა არ განხორციელებულა, თუმცა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება“, - აცხადებენ რეგიონულ საკითხებში პრემიერის მრჩევლის აპარატში.

ამავე ინფორმაციით, ზაურ გურჩიანის სახლი სოხუმში ომი დროს დაიწვა. გურჩიანების ოჯახმა აფხაზეთი ჭუბერის გავლით დატოვა და მას შემდეგ სოფელ ჭუბერში ცხოვრობს. მათი ნათესავები დღესაც იმყოფებიან აფხაზეთის სოფელ აჟარაში, სწორედ მათთან მიდიოდა, პერიოდულად, ზაურ გურჩიანი.
Print