რეგიონი
აფხაზური და ოსური მხარეები ჟენევის დისკუსიებზე ერთობლივი განცხადების გაკეთებას გეგმავენ
დე ფაქტო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ჟენევის დისკუსიების მორიგ 45-ე რაუნდში ერთობლივი მონაწილეობის საკითხები განიხილეს. სოხუმში გამართულ შეხვედრაზე „ აფხაზეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი“ კიდევ ერთხელ გამოეხმაურა გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე საქართველოს პრემიერ - მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას.  

„სრულიად მიუღებელია ის ფაქტი, რომ საერთაშორისო საზოგადოებამდე მხოლოდ ერთი, ქართული მხარის მოსაზრება მიდის. დაუშვებელია, როდესაც კონფლიქტის ერთ მხარეს მხოლოდ თავისი ინფორმაცია გააქვს, ეს არავითარ შედეგებს არ იძლევა. სხვადასხვა შეხვედრაზე ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ აფხაზეთისა და ოსეთის დელეგაციებს ისეთივე უფლებები უნდა ჰქონდეთ, როგორც ქართულ მხარეს“, – განაცხადა დაურ კოვემ.

ის გამოვიდა წინადადებით, ჟენევის მოლაპარაკებებზე გაკეთდეს აფხაზური და ოსური მხარეების ერთობლივი განცხადება, რომელშიც ისინი კატეგორიულად მოითხოვენ ამ საკითხის გადაწყვეტას, წერს „ნუჟნაია გაზეტა“. თავის მხრივ, დიმიტრი მედოევმა მხარდაჭერა აღუთქვა აფხაზ კოლეგას. აქვე მან კომენტარი გააკეთა საქართველოს ინიციატივასთან დაკავშირებით.
   
„ჩვენ გვაქვს ქვეყანა, გვაქვს ჩვენი კონსტიტუცია, ამიტომ, არ ვაპირებთ ავყვეთ რაღაც დინებებს, სარგებელს ან მივიღოთ მოწყალება“, – აღნიშნა მან.

ოკუპირებული ცხინვალის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დაურ კოვეს და "სოხუმ - ბიჭვინთის ეპარქიის მეთაურს" ვისარიონ აპლიას გადასცა მედლები: „ საერთაშორისო ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის“.

მამუკა ბახტაძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე წინაშე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივაზე: „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ რომელიც, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის განათლების შესაძლებლობების განვითარებას ითვვლისწინებს,რასაც სოხუმის ნეგატიური რეაქცია მოჰყვა.



Print