რეგიონი
სოხუმი: პედოფილიაში ბრალდებულ კომპოზიტორს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გულრიფშის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვალერიან ჭკადუას, რომელსაც ბრალი არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით ქმედებაში, გაუპატიურებაში, მოზარდების მიმართ გარყვნილ ქმედებაში და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებაში ედებოდა, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, წერს „აფსნი ლაიფი“. სასამართლომ ის ყველა ამ მუხლით დამნაშავედ ცნო. 

სოხუმის პროკურატურამ ვალერიან ჭკადუა 2018 წლის, 14 თებერვალს დააკავა, ერთ-ერთი სკოლის დამხმარე პედაგოგის განცხადების საფუძველზე. თავად ბრალდებული არცერთ ეპიზოდში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

ცნობილმა კომპოზიტორმა და აფხაზეთის „სახელმწიფო ჰიმნის“? ასევე პირველი აფხაზური ბალეტ „რიწას“ მუსიკის ავტორმა დაამთავრა თბილისის კონსერვატორია 1977 წელს, 1980 წელს კი ასპირანტურა. დაკავებულს უმუშავია აფხაზეთის სახალხო შემოქმედთა სახლში უფროს მეთოდისტად. იყო აფხაზეთში კომპოზიტორთა კავშირის წევრი, აფხაზეთის მწერალთა ასოციაციის წარმომადგენელი. არის დიმიტრი გულიას სახელობის „სახელმწიფო პრემიის“ ლაურეატი.
Print