ახალი ამბები
TI: სამეგრელო-ზემო სვანეთში თანამდებობის პირთა და საკრებულოს წევრთა უმრავლესობას მამაკაცები წარმოადგენენ
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევის თანახმად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობის დონე პროცენტული თვალსაზრისით მცირედით შემცირდა. TI-ის ინფორმაციით, თუკი 2014 წლის მოწვევის საკრებულოებში ქალი წევრების რაოდენობა 13.33 %-ს შეადგენდა, 2017 წელს არჩეულ საკრებულობში ქალთა წარმომადგენლობა 12.87 %-ია. 2017 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის საკრებულოებში 303 წევრი აირჩიეს, რომელთაგან 276 მამაკაცი, 39 კი ქალი იყო, 2014 წელს არჩეული 289 წევრიდან 255 მამაკაცი იყო და მხოლოდ 34 ქალი.

გასულ წელს ასევე საკრებულოების უმრავლესობაში გაიზარდა წევრების რაოდენობა, რის გამოც, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საკრებულოს წევრ ქალთა წარმომადგენლობა რაოდენობრივი თვალსაზრისით გაზრდილი, თუმცა საერთო რაოდენობასთან მიმართებაში ერთი პროცენტით შემცირებულია.

alt

რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარეებს, 9-ვე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და მათი მოადგილეები მამაკაცები არიან, მხოლოდ წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარეს ჰყავს ქალი მოადგილე. ზოგადად საკრებულოების თანამდებობის პირებს შორის 147 მამაკაცია, 20 კი ქალი, რაც თანამდებობის პირთა საერთო რაოდენობის 11.9 პროცენტს შეადგენს.

TI-ის კვლევის თანახმად, რეგიონის 9-ვე მუნიციპალიტეტის მერი მამაკაცია, მათ 16 მოადგილეს შორის კი მხოლოდ ერთია ქალი მესტიის მერიაში.რაც შეეხება მერიის სამსახურების უფროსებს, მათი უმრავლესობაც მამაკაცია: 85 სამსახურის უფროსს შორის 65 მამაკაცია, 20 კი ქალი. სამსახურის უფროსებთან დაკავშირებით განსხვავებული მდგომარეობაა სენაკისა და მესტიის მუნიციპალიტეტებში. 2018 წლის აგვისტოს მდგომარეობით, სენაკის მერიის 8 სამსახურის უფროსის პოზიციას ქალები და კაცები თანაბრად იყოფენ. მესტიაში კი როგორც 2016 წელს, ასევე 2018 წელსაც სამსახურის უფროსების უმრავლესობას ქალები წარმოადგენენ და მათი რაოდენობა ორივე შემთხვევაში 5-ია.

alt

ამავე ინფორმაციის მიხედვით, რეგიონის 9 მუნიციპალიტეტის მერების 172 წარმომადგენელს შორის 155 მამაკაცია, 17 კი ქალი, რაც საერთო რაოდენობის9.88%-ს შეადგენს. მხოლოდ მამაკაცი წარმომადგენლები ჰყავთ ადმინისტრაციულ ერთეულებში მესტიის, წალენჯიხის, აბაშის და ფოთის მერებს.
Print