რეგიონი
სოხუმში გამართულ ფორუმზე ახალგაზრდებმა რაულ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდეს
აფხაზეთის ახალგაზრდობის ნაწილი დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებს. შესაბამისი მიმართვა სოხუმში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმზე გაკეთდა. ფორუმის ორგანიზატორის ინალ ხიშბას განცხადებით, ღონისძიებაში 800 - მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რასაც წინ ხანგრძლივი მოსამზადებელი სამუშაო უძღოდა.
მისივე თქმით, „მოსაწვევები გაეგზავნა პრეზიდენტს, პრემიერ - მინისტრს და პარლამენტის დეპუტატებს. ასევე, სხვადასხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებს“.

ფორუმის მონაწილეებმა თავის მიმართვაში მკაცრად გააკრიტიკეს ხელისუფლება. მათ აღნიშნეს, რომ დაპირებების დიდი ნაწილი, რომელიც მათ მოსახლეობას ოპოზიციაში ყოფნისას და წინასაარჩევნო კამპანიის დროს მისცეს, შეუსრულებელია.

„მოსახლეობის ცხოვრების პირობები გაუარესდა, გაიზარდა ნარკოდამოკიდებული ახალგაზრდების და მსხვერპლით დასრულებული საგზაო შემთხვევების რიცხვი, რომელიც მსხვერპლით დასრულდა. კორუფციამ საგანგაშო მასშტაბებს მიაღწია“, - ნათქვამია მიმართვაში.

ახალგაზრდები თვლიან, რომ „ქვეყანა არასტაბილურ, საშიშ პერიოდში იმყოფება, რასაც შეიძლება არაკონტროლირებადი მასობრივი გამოსვლების მოჰყვეს,“, აქედან გამომდინარე, ისინი მოუწოდებენ რაულ ხაჯიმბას ნებაყოფლობით მოიხსნას უფლებამოსილება და გადადგეს, წერს „აბხაზია ინფორმი“.

Print