არჩევნები
მერაბ ქვარაია: ენმ მიზანმიმართულ პროვოკაციაზე მიდის
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბში მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ ენმ-ის მიერ სალომე ზურაბიშვილის პლაკატების ჩამოხევის ფაქტზე საგანგებო ბრიფინგი გამართა და ოპოზიციური პარტიის ქმედებას პროვოკაციული უწოდა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამეგრელოს რეგიონალურმა კოორდინატორმა მურთაზ ზოდელავამ სოფელ ჭითაწყარსა და რიყეს საარჩევნო უბნის მიმდებარედ სალომე ზურაბიშვილის პლაკატები ჩამოხია. მურთაზ ზოდელავა აცხადებს, რომ ის პლაკატების ჩამოხსნას ყველა უბანთან აპირებს, რითაც ნაციონალური მოძრაობა მიდის პროვოკაციაზე და აღვივებს მხარდამჭერებს შორის შუღლს. ის განგებ ჩადის კანონდარღვევას და აზიანებს მოწინააღმდეგე მხარის სააგიტაციო მასალას, რაც მიზანმიმართულად პროვოკაციაზე წასვლაა. საარჩევნო აგიტაცია, მათ შორის, პლაკატების გამოკვრა, საარჩევნო დღეს უბნის მიმდებარედ, გარდა კენჭისყრის შენობისა არ ეწინააღმდეგება საარჩევნო კანონმდებლობას. მოვუწოდებთ ნაციონალურ მოძრაობას, ნუ დაარღვევენ კანონს და ნუ ახდენენ პროვოკაციას“, - აღნიშნა ქვარაიამ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ანა წითლიძის ინფორმაციით, საარჩევნო უბნის შესასვლელებთან მმართველი პარტიის მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის პლაკატები გააკრეს, ხოლო აქტივისტები "ქართული ოცნების" ლოგოიანი მაისურებით გადაადგილდებიან. მისივე თქმით, ეს კანონდარღვევაა და ისინი სააგიტაციო მასალას, სადაც ნახავენ, ყველგან ჩამოხევენ.

Print