რეგიონი
ზუგდიდში ერთ-ერთ ქუჩას გურამ გაბისკირიას სახელი მიენიჭა
ეგრისის უბანში სამ უსახელო ქუჩას სახელები მიენიჭა. მათგან ერთს სოხუმის მერის გურამ გაბისკირიას სახელი ეწოდა, ასევე, ეგრისის უბანში იქნება ბერტა ფონ ზუტნერისა და დიმიტრი უზნაძის ქუჩები.

სოხუმის მერი გურამ გაბისკირია 1993 წელს ქართველების ეთნიკური წმენდის დროს აფხაზმა სეპარატისტებმა დახვრიტეს.

ცნობილი ავსტრიელი მწერალი ბერტა ფონ ზუტნერი იყო პირველი ქალი, რომელმაც 1905 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო. ის ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის ახლო მეგობარი იყო. იგი საქართველოს 1876 წელს, არტურ ფონ ზუტნერთან საიდუმლო ქორწინების შემდეგ, მეუღლესთან ერთად ესტუმრა. წყვილი საქართველოში – ზუგდიდში, ქუთაისს და თბილისში – 9 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ისინი წერდნენ წიგნებს, ეწეოდნენ პედაგოგიურ საქმიანობას – ასწავლიდნენ უცხო ენებსა და მუსიკას. ბერტა ფონ ზუტნერს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა რომანმა "ძირს იარაღი", რომელიც 1889 წელს გამოიცა.


დიმიტრი უზნაძე (1886-1950 წწ.), ქართველი ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი და საზოგადო მოღვაწე, ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და აკადემიკოსი, პირველი იყო ფსიქოლოგიური კვლევის ისტორიაში, ვინც თეორიულად დაასაბუთა და ემპირიულად შეისწავლა არაცნობიერი ფსიქიკური რეალობა, განწყობა, რომელიც მოქმედებს, როგორც ქცევის განხორციელების ფსიქოლოგიური მექანიზმი და საკუთარ თავში მოიცავს მოქმედებისათვის აუცილებელ მუხტს. ამ საკითხის შესახებ ავტორმა პირველად გამოაქვეყნა ნაშრომი "ფსიქოლოგიის ინსტიტუტის შრომებში" (ტ. 6, 1949 წ.), სათაურით "განწყობის ფსიქოლოგიის ექსპერიმენტული საფუძვლები". განსახილველი წიგნი ამავე საკითხს ეძღვნება. იგი განკუთვნილია როგორც სპეციალისტების, ისე დაინტერესებული მკითხველისათვის.
Print