არჩევნები
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში სამეგრელოს მუნიციპალიტეტების მერებიც დაიბარეს
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დილიდან სხვადასხვა რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები იკრიბებიან. თბილისში გაემგზავრნენ სამეგრელოს მუნიციპალიტეტების მერებიც. შეხვედრაზე დასწრება დაგვიდასტურეს ჩხოროწყუს, წალენჯიხის, აბაშის, მარტვილის, ხობის მერებმა. მათი ინფორმაციით, დღეს სამეგრელოს მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება.

„მე ვარ ჩხოროწყუში საარჩევნო შტაბის თავმჯდომარეც. მივდივარ, რომ ერთად განვიხილოთ სამომავლო გეგმები მეორე ტურისთვის და გავიმარჯვოთ, რადგან ჩვენი გამარჯვება არის ხალხის გამარჯვება“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ჩხოროწყუს მერმა დავით გოგუამ.

თბილისში შეხვედრაზე დასწრება უარყო სენაკის მერმა ლევან კუპრეიშვილმა. მან რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ ინფორმაცია არ აქვს და სენაკში იმყოფება.

თბილისში არ გამგზავრებულა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი და მმართველის პარტიის ადგილობრივი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ალექსანდრე მოწერელია. პრესსამსახურის ინფორმაციით, ის ზუგდიდშია და მოქალაქეებს ხვდება.

არსებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ხელისუფლების წარმომადგენლებსა და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, გენერალური მდივანი კახი კალაძე და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ესწრებიან.

Print