რეგიონი
რუხში ინოვაციების ცენტრი გაიხსნა
ინოვაციების ცენტრში სისტემატიურად ჩატარდება პროგრამირების, დიზაინის, მეწარმეობისა და სხვადასხვა ბიზნესმიმართულებების ტრენინგები. რეგიონის ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ სახელმწიფოს მხარდაჭერით ინოვაციური იდეები რეალურ ბიზნესად აქციონ და განავითარონ თავიანთი სტარტაპ იდეები. ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს. 

გახსნის ცერემონიალს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავა, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე, სამეგრელო- ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი შენგელია, საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.

alt

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს ცენტრის საქმიანობაში მაქსიმალური ჩართულობისკენ მოუწოდეს, რათა აქტიურად გამოიყენონ ის ინოვაციური მიდგომები რასაც ცენტრი მათ სთავაზობს.

,,ინოვაციების ცენტრი, რომელიც დღეიდან რუხში იწყებს ფუნქციონირებას, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან ადგილობრივებთან ერთად აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასაც შეეძლება მისით სარგებლობა. ინოვაციების ცენტრები ხელს უწყობს მეწარმეობისა და ბიზნესმიმართულებების განვითარებას, ახალგაზრდების ინოვაციური იდეების რეალობად ქცევას და ინოვაციებზე დაფუძნებული საზოგადოების ჩამოყალიბებას. ჩვენთვის ამ ცენტრის რუხში გახსნა ორმაგად მნიშვნელოვანია, ვინაიდან აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასაც და ახალგაზრდებსაც საუკეთესო შანსი ეძლევათ გადმოვიდნენ, ეზიარონ თანამედროვე ტექნოლოგიებს, გაიარონ სხვადასხვა მიმართულების ინოვაციური ტრენინგები და თავიანთი ბიზნეს იდეები სახელმწიფოს ხელშეწყობით განახორციელონ. ყოველთვის მივესალმებით მსგავსი სახის სიახლეებს ჩვენს მუნიციპალიტეტში", - აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

alt

რეგიონებში ინოვაციების ცენტრების გახსნის მიზანია, ადგილობრივმა მოსახლეობამ, კერძო კომპანიებმა თუ ადგილობრივმა მთავრობამ გამოიყენოს აქამდე ძნელად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის და მიიღონ ცოდნა, როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ასევე მეწარმეობის მიმართულებით.

alt

რუხის ინოვაციების ცენტრი მე-7 ცენტრია საქართველოში.
Print