ახალი ამბები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დევნილებს ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მიმართვა გაავრცელა, რომელშიც დევნილ მოსახლეობას სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

„ძნელია დაივიწყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მანქანის ძარაზე იძულებით „შეყრილი“ ადამიანების და მათი მიმოფანტული ნივთების ფოტო თუ ვიდეო კადრები და ფოცხო-ეწერსა და სხვა ადგილებში „გადასახლებები“, ვითომ გარემონტებული ფართები და საარსებო გარემოს სრული უქონლობის პირობებში ბედის ანაბარად მიტოვებული „რეპრესირებულები“, ხმის ამოღებისა და პროტესტის გამოხატვისათვის ფიზიკური ანგარიშსწორებით ლამის დაინვალიდებული ადამიანები, დაშინებებით მიღებული ხმები არჩევნებზე და ღირსებაშელახული ამომრჩევლები. დევნილების თემა ხომ ყოველთვის წინასაარჩევნოდ „ხდებოდა აქტუალური“ და არჩევნების მეორე დღიდანვე დავიწყებას მიეცემოდა ხოლმე“, - აღნიშნულია მიმართვაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ 2012 წლის შემდეგ სახელმწიფო განვითარების ახალ გზას დაადგა და ხალხის მთავარი მონაპოვარი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაა.

„მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს დევნილებისთვის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა და ადრე თუ დევნილები ლამის „გეტოებში“ ცხოვრობდნენ, დღეს ადგილობრივ თემებში ინტეგრირებულნი, სოციალური ყოფის სრულფასოვანი წევრები არიან. ესეც დიდი მონაპოვარია... დღეს, როდესაც არჩევანის წინაშე ვდგავართ, უნდა გავითვალისწინოთ წინა გამოცდილება და დღევანდელი რეალობა, რომელთა შორის განსხვავების არ დანახვა მიუტევებელი შეცდომა იქნება. დღეს, გაცილებით უფროა დაფასებული დევნილი, ვიდრე წინა პერიოდებში და ამ მონაპოვრის გაფლანგვა დაუშვებელია“, - ვკითხულობთ მიმართვის ტექსტში.

აფხაზეთის მთავრობა 28 ნოემბერს დევნილებს ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატისთვის ნდობის გამოცხადებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ზურაბიშვილი აფხაზეთში დევნილების დაბრუნებაში საკუთარ წვლილს შეიტანს.

„28 ნოემბერს, ქვეყანა საჭიროებს ყოველი ჩვენთაგანის მაღალ მოქალაქეობრივ შეგნებას და აქტივობას. ნდობის გამოცხადებას ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ - სალომე ზურაბიშვილზე, რომელიც ტანდემში იქნება საქართველოს ხელისუფლების მიერ დაწყებულ სამთავრობო პროგრამასთან და თავის წვლილს შეიტანს ჩვენი უმთავრესი ტკივილის - ჩვენს საკუთარ სახლებში დაბრუნებაში. ამ მიმართულებით, ქვეყანა 2012 წლიდან შეიძლება „ნელა მიიწევს წინ, მაგრამ არასოდეს არ გადაუდგამს ნაბიჯი უკან“ და მოგიწოდებთ თითოეულ თქვენთაგანს, გააზრებულად და სახელმწიფოებრივად მოაზროვნეებმა გააკეთოთ თქვენი პრინციპული არჩევანი საქართველოს უკეთესი მომავლისკენ. ჩვენი არჩევანი გამოავლენს ჩვენს პოლიტიკურ სიმწიფეს და კულტურას“, - წერია განცხადების ტექსტში.

Print