ახალი ამბები
ხეთაში აფეთქებისას დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
ხეთაში, საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი დღეს დილით თბილისში, დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა. ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, 66 წლის ქალს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა.

"მას ჰქონდა სხეულის 85 პროცენტის დამწვრობა, მეორე და მესამე ხარისხის დაზიანებები, ასევე სასუნთქი გზების დაზიანება. ძალიან მძიმე იყო მისი მდგომარეობა და გამთენიისას გარდაიცვალა. დანარჩენი სამი პაციენტი კი სტაბილიზაციას ინარჩუნებს, თუმცა, მათი მდგომარეობა კრიტიკულია", - უთხრა რადიო "ათინათს" ქაშიბაძემ.

მისივე თქმით, პაციენტებს სხეულის დამწვრობის გარდა, სასუნთქი გზების დაზიანება და ნამწვი აირებით ინტოქსიკაციაც აღენიშნებათ.

ხეთაში 19 ნოემბერს საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ 7 ადამიანი დაშავდა. მათგან ორი გარდაიცვალა, 3 თბილისში დამწვრობის ცენტრში რჩება, 2 ადამიანი კი ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოდან სტაბილურ მდგომარეობაში გაწერეს.

თავდაპირველი ინფორმაციით, აფეთქება დაგროვილმა ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. მოგვიანებით, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ ოჯახის ერთ-ერთ წევრმა, სავარაუდოდ, ცეცხლის დასანთებად ბენზინი გამოიყენა.

მომხდარზე გამოძიება 188-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს. 

ამავე თემაზე:

ხეთაში დაშავებული პაციენტებიდან ერთ-ერთი საავადმყოფოდან გაწერეს

ხეთაში აფეთქებისას დაშავებული ერთი ადამიანი გარდაიცვალა 

Print