ახალი ამბები
ზურაბიშვილის შტაბი: არავის ვავალებთ, გადასატანი ყუთის სიაში მოსახვედრად განცხადება შეიტანოს
სალომე ზურაბიშვილის ზუგდიდის საარჩევნო შტაბში გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებას გადასატანი ყუთის სიაში მათი მხარდამჭერების ჩაწერის შესახებ უარყოფენ. შტაბში ამბობენ, რომ მათ არავისთვის არ მიუციათ დავალება გადასატანი ყუთის სიაში ჩასაწერად საოლქოსთვის განცხადებით მიემართათ.

„ჩვენი მონაწილეობა აქ არ და ვერ გამოიკვეთება, არანაირ მსგავს დავალებას ჩვენ არ გავცემთ“, - გვითხრეს შტაბში.

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის საარჩევნო შტაბის თავმჯდომარის ანა წითლიძის მტკიცებით, გადასატანი ყუთის სიებში ჯანმრთელი ადამიანები შეჰყავთ და ამ დავალებას „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბიდან იღებენ.

67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის თქმით, გადასატანი ყუთების სიები ჯერ არ შემდგარა. მისივე ინფორმაციით, მომართვიანობა 25 ნოემბრის ჩათვლით გრძელდება და კომისია მხოლოდ გადამოწმების შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, შეიყვანოს თუ არა ესა თუ ის პირი გადასატანი ყუთით მომსახურების სიაში.


ამავე თემაზე:

მირანდა მესხი ოპიზიციის ბრალდებაზე: კომისია გადასატან ყუთთან დაკავშირებულ განცხადებებს ამოწმებს 
Print